შოთა რეხვიაშვილი - მარნეულსა და ბოლნისში სასურსათო ან მედიკამენტების მომარაგების მხრივ შეფერხება არ არის
შოთა რეხვიაშვილი - მარნეულსა და ბოლნისში სასურსათო ან მედიკამენტების მომარაგების მხრივ შეფერხება არ არის

მარნეულსა და ბოლნისში სასურსათო ან მედიკამენტების მომარაგების მხრივ შეფერხება არ არის. ამის შესახებ ქვემო ქართლის გუბერნატორმა, შოთა რეხვიაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე“ განაცხადა.

„არ არის და არც ყოფილა. ძალიან დიდი შრომა გაწია ყველა უწყებამ და ერთიანად კოორდინირებულად ჩვენ მივაღწიეთ იმ შედეგს, რომ პრინციპში ძალიან ნაკლები დრო იხარჯება უკვე ამ სერვისებისა და ამ საჭიროებების უზრუნველყოფაზე. მოსახლეობაში არის ყველა მარაგი, ყველა დიდი სავაჭრო ქსელი შესაბამისი დისტრიბუციით მარაგდება, არის გამოყოფილი ადგილობრივი საბითუმო სივრცეები, სადაც არიან ადგილობრივი დისტრიბუტორები და მიმწოდებლები, რომელთა მეშვეობითაც სოფლის მცირე მოცულობის მაღაზიები მარაგდება, და ეს არის სისტემურად მოწესრიგებული ისევე, როგორც მედიკამენტებში, ფულადი სახსრების დარიგებაში და ამ ყველაფერში ჩართულია ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც იცავს წესრიგს და გვეხმარება გამართულ საქმიანობაში“, – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

გუბერნატორმა მადლობა გადაუხადა ბოლნისის მცხოვრებლებს, რომლებიც მისი თქმით, გაგებით ეკიდებიან შეზღუდვებს.

„ვიცი, რომ თქვენი საზოგადოებრივი მაუწყებლის ჯგუფი შიგნით მუშაობს და გავრცელდა და მე მაქვს შესაბამისი დოკუმენტაცია, რომ დარიგდა პენსიები და თანხები აბსოლუტურად დაცვით, დისტანციით და სტანდარტებით, რაც მოგვეთხოვება და რაც მოეთხოვებათ.

ვადასტურებ იმას, რო ქვემო ბოლნისში ხუთივე ფაქტი არის ოჯახის წევრები და ოჯახთან კავშირში, მათ შორის ბოლნისის სოფელ ნახიდურშიც იყო კვეთა და დადასტურებული ერთი შემთხვევა, თუმცა იქ საბედნიეროდ განვრცობა არ ყოფილა და ესეც ამ კლასტერის შემადგენელი ნაწილია,  მიღებულია ყველა ზომა იმისთვის, რომ ამ შეზღუდვების პირობებში იქ ყველა საჭირო სერვისი, გადაუდებელი საჭიროების სერვისი მიწოდებული იქნეს, უზრუნველყოფილი იქნეს სურსათით მოსახლეობა, მედიკამენტებით, ფულადი სახსრებით და ა.შ. აბსოლუტურად გაგებით ხვდება მოსახლეობა და ვამბობ, მადლიერებას, რომ ამ კონკრეტულ თემში, სადაც ორი ეთნიკურ დასახლებაა, არიან ეთნიკურად აზერბაიჯანელები და ეთნიკურად სომეხი საქართველოს მოქალაქეები, ძალიან შეგნებით მიუდგნენ ამ შეზღუდვებს. ამასთან, ეთნიკურად აზერბაიჯანულ შემადგენლობაში ძალიან კარგ თანამშრომლობას გვიწევენ რელიგიური ლიდერები, რომლებიც ასევე პრევენციულ განცხადებებს აკეთებენ შიგნით.

აქ სრულად იქნა ჩატარებული თერმოსკრინინგი და იგეგმება ხელმეორე სკრინინგი, მაგრამ თერმო სკრინინგის დაწყებიდან დასრულებამდე და შემდგომ ახალი სკრინინგის დაწყებამდე უნდა გავიდეს სავალდებულო საინკუბაციო ორკვირიანი ვადა, რომ გავიგოთ რეალური სურათი, სად ვართ, რათა შემდეგ უკვე აზრი ჰქონდეს განმეორებით სკრინინგს, რაც აუცილებლად იგეგმება. იგეგმება 6 აპრილიდან ერთ ცალკე განსახლებაში ამ თემის და 10 აპრილიდან დანარჩენ, მთლიან ქვემო ბოლნისში“, – განაცხადა რეხვიაშვილმა.

მისივე თქმით, საველე ჰოსპიტალის დემონტაჟის გადაწვეტილება სპეციალისტების მიერ მიმართვიანობისა და დაავადების გავრცელების დინამიკის შესაბამისად გადაწყდა.

„ამ ორი კვირის მანძილზე შესწავლილი იქნა მედიკოსების მიერ დაავადებათა კონტროლის სპეციალისტების მიერ დინამიკა და მომართვიანობა საველე ჰოსპიტალში და მიღებული იქნა ის გადაწყვეტილება და დემონტაჟი გაკეთდა საველე ჰოსპიტალის, რადგან არის პოტენციალი „ჯეო ჰოსპიტალის“, რომ ეს ნაკადები მიიღონ და შემდეგ უკვე საჭიროების მიხედვით გადაამისამართონ. ეს არის სწორი გადაწყვეტილება, რადგან არ იყო იქ ნაკადები. შესაბამისად, ის ეპიდემიოლოგები, სპეციალისტები, სამედიცინო პერსონალი და არა მარტო, იქ ძალიან დიდი კონცენტრაცია იყო ადამიანური რესურსების და იმართებოდა ეს სივრცე. გადანაწილდება იქ, სადაც უფრო მეტი საჭიროებაა და რაციონალურად იქნება გამოყენებული ის რესურსი, რაც ამ ეტაპზე იქ იყო კონცენტრირებული“, – აღნიშნა რეხვიაშვილმა.

ამასთან, როგორც ქვემო ქართლის გუბერნატორმა აღნიშნა, რწმუნებულებს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან კომუნიკაცია ჰქონდათ მათ რეგიონებში კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული გამოწვევების შესახებ.

„ინფორმაციის გაცვლა მოხდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ადგილებიდან სრულად მიიღო ინფორმაცია იმ გამოწვევების შესახებ, რაც არის რეალურად. რა თქმა უნდა, ძალიან მკაცრი  არის კონტროლი რუსთავში განვითარებულ მოვლენებზე და შემდგომ საქმიანობაზე. მე მომიწევს ძალიან ხშირად დეტალური ანგარიშის წარდგენა ზოგადად მხარეში მიმდინარე მოვლენებზე უშუალოდ პრემიერ-მინისტრისთვის და არის კიდევ გარკვეული დავალებები, რომლებსაც დაუყოვნებლივ ვიწყებ“, – განაცხადა რეხვიაშვილმა.

დატოვე კომენტარი