შოთა დიღმელაშვილი - ვითხოვთ პროპორციულ არჩევნებს გარდამავალი მთავრობის პირობებში, ვიდრე ეს არ მოხდება, არ დავიშლებით 
შოთა დიღმელაშვილი - ვითხოვთ პროპორციულ არჩევნებს გარდამავალი მთავრობის პირობებში, ვიდრე ეს არ მოხდება, არ დავიშლებით 

ჩვენ გვაქვს არა მხოლოდ უფლება, არამედ ვალდებულება სამშობლოს წინაშე, რომ არ დავანებოთ მთავრობა პრორუს ბიძინა ივანიშვილს, – ამის შესახებ პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქცია მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრმა, შოთა დიღმელაშვილმა განაცხადა.

როგორც შოთა დიღმელაშვილმა განაცხადა, ოპოზიციის გვერდით დგომა ძალიან მნიშვნელოვანია.

„20 სექტემბრის სლოგანი გახსოვთ „ერთად ერთის წინააღმდეგ“. ეს პროპორციული არჩევნები იყო გარანტია, რომ ვერც ერთი ხელისუფლება ვეღარ მიიტაცებდა ტოტალურ ძალაუფლებას, საქართველო ამ ათწლეულში მაინც შედგებოდა დემოკრატიის რელსებზე. ყველას დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, ვინც 30 წლის განმავლობაში იბრძოდა პროპორციული არჩევნებისთვის. ისე მოხდა, რომ ჩვენი ჩართულობა დაგვირგვინდა იმით, რომ მოგვცეს პროპორციული არჩევნები, მაგრამ მერამდენედ მოგვატყუეს. შესაბამისად, მათთან არანაირ საუბარს აზრი აღარ აქვს, ვიღას უნდა ველაპარაკოთ ამ ცრუპენტელებს? – აზრი არ აქვს. ჩვენ ვითხოვთ, პროპორციულ არჩევნებს. ეს პროპორციული არჩევნები ჩატარდება ბიძინა ივანიშვილის და მისი ფულით შეძენილი გუნდის გარეშე. გარდამავალი მთავრობის პირობებში ჩატარდება პროპორციული არჩევნები და ჩვენ მოვახერხეთ კონსენსუსი ყველა ინტერეს ჯგუფმა, საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა, პოლიტიკურმა პარტიებმა და გაცოცხლდა სლოგანი „ერთად ერთის წინააღმდეგ“. შედგება ეროვნული თანხმობის კომიტეტი პრინციპით, „ყველა მინუს ივანიშვილი“ , რომელიც უზრუნველყოფს ერთხელ და სამუდამოდ სამართლიანი პროპორციული არჩევნების ჩატარებას. ეს არ არის ჩვენი მოთხოვნა, ეს არის ჩვენი გენგეგმა. ვიდრე ეს არ მოხდება, მანამდე იმართება პერმანენტული აქციები. არ ვიშლებით. აქ დავბანაკდებით, დღე და ღამ აქ ვიქნებით, ვიდრე არ გამოვგლეჯთ ხელიდან ჩვენს სამშობლოს პლუტოკრატს, ოლიგარქს და რუსეთის დამქაშებს“, -განაცხადა დიღმელაშვილმა.