შოთა დიღმელაშვილი - როგორც ვიყავით პარლამენტის წინ შეკრებილი, ასე იქნება აქციის მე-20 დღესაც  
შოთა დიღმელაშვილი - როგორც ვიყავით პარლამენტის წინ შეკრებილი, ასე იქნება აქციის მე-20 დღესაც  

როგორც ვიყავით რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ შეკრებილი, ასე იქნება აქციის მე-20 დღესაც, – ამის შესახებ აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, შოთა დიღმელაშვილმა ჟურნალისტებს პარლამენტის წინ განუცხადა.

მისი თქმით, პოლიციასთან შეთანხმება შედგა, აქციის ორგანიზატორებს, რომლებსაც მანამდე პარლამენტის შენობის კიბეებთან არ უშვებდნენ, ადგილზე შესვლის საშუალება უკვე მიეცათ.

„შეთანხმება შედგა. როგორც ვიყავით რუსთაველზე პარლამენტის წინ შეკრებილი, ასე იქნება აქციის მე-20 დღესაც. კონტრაქცია იყო, მათ ავუხსენით საქმის ვითარება. ყველაფერი გაიგეს და წავიდნენ. ადგილზე ჩვენგან ორი ადამიანი დარჩება სამორიგეოდ და 19:00 საათზე აქცია განახლდება. კონტრაქცია აღარ არის. ჩვენ ჩვენი ტერიტორია ისევ დავიკავეთ. პოლიციამ პარლამენტის წინ შეგვიშვა და ჩვენი ნივთები ავიღეთ“, – განაცხადა დიღმელაშვილმა.

ამ დროისთვის შესაბამისი სამსახური პარლამენტის წინ ტერიტორიას ასუფთავებს.

გუშინ პარლამენტის წინ „ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეების აქცია გაიმართა, რის გამოც 20 ივნისიდან მიმდინარე აქციების მონაწილეებს ადგილზე მისვლის საშუალება არ მიეცათ. ისინი თავდაპირველად პუშკინის სკვერში შეიკრიბნენ, შემდეგ კი, ოკუპაციის მუზეუმთან გადაინაცვლეს და აქცია იქ გამართეს. ორი აქცია ერთმანეთისგან პოლიციის კორდონით იყო გამიჯნული. მოგვიანებით, გაიყვანეს ავტობუსები, რომლითაც ორ აქციას შორის გზა იყო გადაკეტილი და 20 ივნისიდან მიმდინარე აქციის მონაწილეები პარლამენტთან მივიდნენ. ასევე დასრულდა „ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეთა აქცია და მათ ტერიტორია უკვე დატოვეს.