შოთა დიღმელაშვილი - ბიძინა ივანიშვილს ჰგონია, რომ გიორგი გახარიას დაწინაურებას რამენაირი ლეგიტიმაცია აქვს საზოგადოებაში
შოთა დიღმელაშვილი - ბიძინა ივანიშვილს ჰგონია, რომ გიორგი გახარიას დაწინაურებას რამენაირი ლეგიტიმაცია აქვს საზოგადოებაში

ბიძინა ივანიშვილს ჰგონია, რომ გიორგი გახარიას დაწინაურებას რამენაირი ლეგიტიმაცია აქვს საზოგადოებაში, – ამის შესახებ აქცია „სირცხვილიას“ ორგანიზატორმა, შოთა დიღმელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დღეს საღამოს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან შეიკრიბებიან და გახარიას პრემიერად წარდგენას გააპროტესტებენ.

როგორც მიშა დიღმელაშვილმა განაცხადა, უნდა გამოიყენონ ყველა ბერკეტი, როგორიცაა საერთაშორისო, დიპლომატიური კავშირები და საერთაშორისო მედია.

„76 დღეა, აქ ვდგავართ მშვიდობიანი მანიფესტაციით და გვაქვს მოთხოვნები, რომლებიც არ იცვლებოდა. დღეს გავიგეთ, რომ გიორგი გახარია წარდგენილია პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე. ეს ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილმა დაიჯერა თავისივე შექმნილი ტროლებისა და ბოტების მიერ შექმნილი რეალობა და ჰგონია, რომ გიორგი გახარიას დაწინაურებას რამენაირი ლეგიტიმაცია აქვს საზოგადოებაში. ეს არის საზოგადოებისთვის გაწნილი სილა, ძალოვნებზე ძალაუფლების დაყრდნობა და ადამიანებს, ვისაც თვალში ესროლეს, მეორე თვალში ნაცრის შეყრა.

ჩვენ ვიყავით ასე ვთქვათ საზაფხულო რეჟიმზე, როდესაც მედიაფორმატი გვქონდა და ასე ვესაუბრებოდით მოსახლეობას. ახლა მგონი, დროა, გამოვიდეთ და გვქონდეს აქცია. დღეს 19:00 საათზე გამოდით და ვუთხრათ, რომ ეს უბრალოდ არ გაუვათ, ამას ვერ გვაჭმევენ. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა ბერკეტი, რაც გვაქვს, საერთაშორისო, დიპლომატიური კავშირები, საერთაშორისო მედია. სამოქალაქო საზოგადოებას რაც შეუძლია, კანონიერების ფარგლებში, ეს უნდა გავაკეთოთ. გადავდოთ გვერდზე განსხვავებული აზრები, ვიპოვოთ ის, რაც გვაქვს საერთო. საერთოა ის, რომ გვინდა უკეთესი მომავალი დღე. ქართული საზოგადოება დღეს დადგება პარლამენტის წინ, რათა საკუთარი ხმა გააგონოს მათ, ვისაც ჰგონიათ, რომ იმსახურებენ მართვის სადავეების ქონას“, – განაცხადა შოთა დიღმელიშვილმა.