შოთა დიღმელაშვილი - ასე არ გამოვა, თუ ივანიშვილი დააწინაურებს ადამიანს, რომელიც პირადად არის პასუხისმგებელი მშვიდობიანი მანიფესტანტების თვალის დათხრაზე, მიიღებს ფართომასშტაბიან აქციებს
გახარიას გადაყენების მაგივრად პრემიერად დანიშვნა გამოიწვევს საზოგადოების კიდევ უფრო გაღიზიანებას, შესაბამისად უფრო მასშტაბურ პროტესტს, – ამის შესახებ აქცია „სირცხვილიას“ ორგანიზატორი შოთა დიღმელაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.
„ასე არ გამოვა. თუ ივანიშვილი დააწინაურებს ადამიანს, რომელიც პირადად არის პასუხისმგებელი მშვიდობიანი მანიფესტანტების თვალის დათხრაზე, მიიღებს ფართომასშტაბიან აქციებს. ჩვენ მივმართავთ ყველა გზას, გამოვიყენებთ დიპლომატიურ კავშირებს, უცხოურ მედიას და შევქმნით განგაშს, რომელიც ჯერ „ქართულ ოცნებას“ არ უნახავს.
გახარიას გაპრემიერება ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებასთან ურთიერთობას უკიდურესად ამწვავებს. გახარიას გადაყენების მაგივრად პრემიერად დანიშვნა გამოიწვევს საზოგადოების კიდევ უფრო გაღიზიანებას, შესაბამისად უფრო მასშტაბურ პროტესტს“, – წერს დიღმელაშვილი.
როგორც დიღმელაშვილი აღნიშნავს, ვანო მერაბიშვილის გაპრემიერებამ ვერ უშველა 2012 წლის არჩევნებზე „ნაციონალურ მოძრაობას“ და მით უმეტეს ვერ უშველის პოლიტიკურად გაკოტრებულ „ქართულ ოცნებას“.
„ნაცვლად იმისა, რომ გამოესწორებინათ წინა ხელისუფლების შეცდომები, ისინი იმეორებენ წინამორბედების შეცდომებს და ვერ იმეორებენ წარმატებებს.
ამ მორიგ ვირეშმაკობას ჩვენი მხრიდან ადეკვატური პასუხი გაეცემა. 20 ივნისის დამრბევი შსს მინისტრის გაპრემიერება ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებამ თავისივე ბოტების შექმნილი რეალობა დაიჯერა, რომ მათ საამისოდ მინიმალური ლეგიტიმაცია მაინც აქვთ.
სინამდვილე სხვანაირია. ყოფილი შსს მინისტრი სადაც კი ჩნდება, ყველგან საპროტესტო აქცია ხვდება და იძულებულია სათადარიგო გასასვლელებიდან იპარებოდეს. გაცილებით მწვავე რეაქციები მოჰყვება მის გამოჩენას უკვე პრემიერის რანგში.
გახარიას გაპრემიერების შემთხვევაში სამოქალაქო საზოგადოების კამპანია გაგრძელდება მის საბოლოო გამარჯვებამდე, რაც მხოლოდ „ოცნებისთვის“ ხელისუფლების წართმევით მიიღწევა“, – წერს დიღმელაშვილი.