შოთა არველაძის ახალი პროექტი - საქართველოში მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდების მონაწილეობით მატჩის ჩატარება ძალიან გვჭირდება #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი შოთა არველაძე გამოდის იდეით, რომ საქართველოში სეზონში, მინიმუმ, ერთხელ მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდების მონაწილეობით მატჩი გაიმართოს, – არველაძემ ეს აზრი სოციალურ ქსელში გააჟღერა.
„გვინდა, ახალი პროექტი წამოვიწყოთ და საქართველოში სეზონში, მინიმუმ, ერთხელ ჩავატაროთ მატჩი მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდების მონაწილეობით.
მასპინძელი გუნდი საქართველოს ნაკრები იქნება, რომელშიც ვეტერანი ფეხბურთელები ითამაშებენ. უკვე დაწყებული გვაქვს გუნდებთან მოლაპარაკება და შეხვედრის ჩატარების თარიღს უახლოეს პერიოდში შეგატყობინებთ.
რაც მნიშვნელოვანია, თამაში ერთმანეთის გამხნევებისა და მხარდაჭერის იდეის მატარებელი იქნება. ვფიქრობ, რთული პერიოდის დროს უფრო გვჭირდება მეტი საერთოს მოძებნა.
დარწმუნებული ვარ, ჩვენი იდეისა და მიზნის გარშემო არაერთი ადამიანი, კომპანია და ბრენდი გაერთიანდება“, – წერს სოციალურ ქსელში შოთა არველაძე.