შოთა არველაძე - სიცხეში თამაშს ვერ მოვიგებდით, მაგრამ ენერგია მაყურებელმა მოგვცა #1TVSPORT
შოთა არველაძემ შეაქო თავისი ფეხბურთელები და მადლობა გადაუხადა გულშემატკივრებს აქტიური მხარდაჭერისთვის მას შემდეგ, რაც „ჰალ სიტიმ“ პრემიერლიგიდან დაქვეითებულ „ნორვიჩ სიტისთან“ 2:1 მოიგო.
შედეგად, „ჰალი“ ცხრა შესაძლოდან შვიდი ქულით ლიგის ცხრილის პირველ ადგილზე ავიდა.
„ბიჭებმა შესანიშნავად ითამაშეს. ჩვენ შევცვალეთ დაცვის სისტემა, რაც ადვილი არ იყო, მაგრამ კარგად ვითამაშეთ, გვქონდა მშვენიერი მომენტები და შესაძლოა, 2:0-ის შემდეგ ძალიან ადრე დავიხიეთ დაცვაში. გულწრფელები უნდა ვიყოთ, მათ ჰყავთ კარგი თავდამსხმელები და საკმაოდ ხარისხიანი მეტოქეა. მაგრამ მაინც მოვუგეთ და გამოჩნდა, რომ გუნდს სჭირდება ეს სტადიონი, ეს აუდიტორია, ეს გულშემატკივრები, ეს ენერგია – ჩვენ ვერ მოვიგებდით თამაშს, ეს ენერგია რომ არ გასულიყო მოედანზე. 100%-ით დარწმუნებული ვარ, რადგან ასეთ სიცხეში სირბილი ძალიან რთულია, მაგრამ მაყურებელმა ეს ენერგია მოგვცა“, – განაცხადა შოთა არველაძემ.
ქართველმა მწვრთნელმა კოლუმბიელი ოსკარ ესტუპინანი განსაკუთრებით გამოარჩია, რადგან „ჰალ სიტიმ“ სწორედ მისი დუბლით გაიმარჯვა.
„ჩვენ ყველანი ბედნიერები ვართ – ყველას გვსურს, რომ მან გაიტანოს. ის კარგად აწვება ცენტრალურ მცველებს, რაც მის ხასიათს აჩვენებს. მან ძალიან ბევრი იშრომა, ჩვენთვის კარგი სამუშაო შეასრულა და ორი ძალიან მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა“.