„არა მგონია, რომ ნაკრებმა ამ სტილით თამაში ახლა დაიწყო. ადრეც კარგად ვთამაშობდით, ხან პირველ ტაიმს, ხან – მეორეს და თამაში იკვეთებოდა. მაგრამ ვერ ვიგებდით ან რაღაც მოგვდიოდა და მაყურებელი უკმაყოფილო იყო. ადრე რომ მოგვწონდა, ის ერთი ტაიმი ორად გადაიქცა“ – ამბობს შოთა არველაძე ინტერვიუში, რომელიც მის ოფიციალურ გევრდზე გამოქვეყნდა.
ვეტერანი ქართველი თავდამსხმელი, რომელიც ტაშკენტის „ფახტაკორის“ მთავარი მწვრთნელია, ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების შანსებზეც ლაპარაკობს.
„მთავარია, რომ გამოვიყენოთ ეს შანსი, რომლის მსგავსიც არასოდეს გვქონია. ფაქტობრივად, ჯგუფში ყველა გადავჯეგეთ და ყველას ისე მოვუგეთ, ბურთი არ მიგვიცია და გოლი არ გაგვიშვია“.
არველაძის თქმით, ნაკრებში კარგი თაობა გამოჩნდა. „ბავშები უცხოეთში წავიდნენ – მაგათ იციან ფეხბურთი და უნდა ითამაშონ. ჩაკვეტაძე? მაგარი გოლები შეაგდო, მაგისთვისაა ფეხბურთი მოგონილი. იცი, მხოლოდ რა უნდა ასწავლო? ბურთი დროულად როდის გასცეს, ფიზიკურად მოამზადო და გამოცდილებასაც შეიძენს. რაც უფრო მეტი ასეთი მოთამაშე იქნება, მით უფრო მეტი მაყურებელი მოვა და უგულშემატკივრებს“.