შოთა არველაძე საქართველოს მასშტაბით მასტერკლასებს სისტემატურად გამართავს #1TVSPORT
შოთა არველაძის ინიციატივით, მოზარდი ფეხბურთელების წახალისების მიზნით შეიქმნა პროგრამა, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით მასტერკლასების სერიების დანერგვას ითვალისწინებს, – ინფორმაციას „ფონდი არველაძე“ ავრცელებს.
„პროექტის ფარგლებში საქართველოს ყველა რეგიონში პერიოდულად მოეწყობა შეხვედრები მოზარდებთან, როგორც საფეხბურთო, ისე სპორტის სხვა სახეობის გამორჩეულ წარმომადგენლებთან ერთად.
პირველ ჯერზე ჩვენთან ერთად იყვნენ წარმატებული ძიუდოისტები – ტატო გრიგალაშვილი და ვაჟა მარგველაშვილი. გორის საჯარო სკოლაში მათთან ერთად ყოფნამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ მოზარდებისთვის წარმატებულ სპორტსმენებთან შეხვედრა, მათთან გასაუბრება მოტივაციისა და ახალი ენერგიის მიღების მთავარი საშუალებაა.
გვიხარია, რომ ტურის ფარგლებში ჩვენთან ერთად იყვნენ სხვადასხვა თაობის გამორჩეული ფეხბურთელები და მწვრთნელები, მათ შორის, გვინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადოთ მალხაზ ასათიანს, რომლის გამოჩენაც, სიტყვაც და წახალისებაც ნებისმიერი მოზარდისთვის უმნიშვნელოვანესია, განსაკუთრებით ქუთაისში, წყალტუბოსა და იმერეთის რეგიონში. პროექტის მთავარი მხარდამჭერია პლატფორმა ინიციატივა“, – წერია ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ შოთა არველაძემ მასტერკლასები გამართა თბილისის საფეხბურთო სკოლებში – „დინამო თბილისის“, 35-ე საფეხბურთო სკოლის, „ლოკომოტივისა“ და სხვა აკადემიებში. ივნისში ის დასავლეთ საქართველოს ესტუმრა და საჩვენებელი ვარჯიშები ქუთაისში, წყალტუბოში, ბათუმში, ფოთში, ოზურგეთსა და ჩოხატაურში ჩაატარა.