შოთა არველაძე საკუთარი მურალის დახატვას გამოეხმაურა - თავი ცოტა უხერხულად ვიგრძენი, ამასთან ერთად, ძალიან გახარებული ვარ #1TVSPORT
შოთა არველაძე სოციალურ ქსელში ჩიქოვანის ქუჩაზე, მისი ბავშვობის სახლის კედელზე საკუთარი მურალის დახატვას გამოეხმაურა.
„რასაც ახლა ვწერ, ბავშვობის ყველაზე დიდ ოცნებაშიც რთული წარმოსადგენი იქნებოდა, რომ სახლზე, რომელშიც გავიზარდე, სადაც დღემდე ცხოვრობს ელდარ შენგელაია, ცხოვრობდნენ გოგი გეგეჭკორი, ბაადურ წულაძე, ვახტანგ ნინუა, ზურაბ (პიკო) ნიჟარაძე, გენიალური სულიკო ჟღენტი და არაერთი გამორჩეული ადამიანი, ჩემი გამოსახულებით უზარმაზარ მურალს დახატავდნენ.
როცა ვნახე, თავი ცოტა უხერხულად ვიგრძენი, პირველი ემოცია ეს იყო. დაბნეული და, ამასთან ერთად, ძალიან გახარებული ვარ. ეს ფოტო ძალიან მიყვარს, იმ საუკეთესო წლებს ასახავს, რომლებიც „აიაქსში“ გავატარე და რომელიც ჩემი ბავშვობიდან ისეთივე კოსმოსად მოსჩანდა, როგორც დღეს მადრიდის „რეალი“ და „ლივერპულია“.
აქ გავიზარდე, აქ ვთამაშობდით ფეხბურთს მთელი დღე. სხვათა შორის, ვინც აქ ცხოვრობდნენ, ყველას ვუყვარდით, ყველა ცდილობდა, რომ ჩვენთვის ხიფათი აერიდებინათ და მხოლოდ ფეხბურთზე გვეფიქრა. დიდი მადლობა ასეთი იდეის ავტორებს შესანიშნავი შესრულებისთვის, ქუჩის ხელოვნების მოძრაობას „ნიკო“, მხატვრებს – დავით მჭედლიშვილს (დანტე) და გიორგი კალანდარიშვილს (პაბლო)“, – წერს სოციალურ ქსელში შოთა არველაძე.