შოთა არველაძე - პირველ თამაშში გამარჯვება სეზონის მშვენიერი დასაწყისია #1TVSPORT
ინგლისის ჩემპიონშიფში შოთა არველაძის „ჰალ სიტიმ” სეზონი დრამატული შეხვედრის მოგებით დაიწყო – ქართველი მწვრთნელის გუნდმა „ბრისტოლ სიტის“ უმასპინძლა და გამარჯვებას ბოლო წამებზე გატანილი გოლით მიაღწია.
სტუმრები 30-ე წუთზე ავსტრიელმა თავდამსხმელმა ანდრეას ვეიმანმა დააწინაურა. თამაშში გარდატეხის მომენტი 72-ე წუთზე დადგა, როდესაც ოზან თუფანმა ანგარიში პენალტით გაათანაბრა, 90+4-ე წუთზე კი კოტდივუარელმა ახალწვეულმა ჟან მიშელ სერმა „ჰალ სიტის“ 3 ქულა მოუტანა 2:1, ხოლო გულშემატკივრებს – მომავლის იმედი.
„ჰალის“ მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძე ამტკიცებს, რომ ახალი სეზონის წარმატებული დასაწყისის მიუხედავად, გუნდის გაძლიერებაზე მუშაობა ჯერ არ დასრულებულა.
„ასეთი დღეები კიდევ გვექნება, მაგრამ აღმავლობასთან ერთად იქნება ვარდნაც. ეს არის ის, რაც ინგლისურ ფეხბურთს განსაკუთრებულს ხდის. ძალიან კარგია მოგება. ჩვენ არ შეგვიძლია სასწაულების მოხდენა, მაგრამ მაქსიმუმის გაკეთებას ვცდილობთ. შედეგი ხალხზეცაა დამოკიდებული. ისინი დღეს განსაკუთრებულები იყვნენ. ენერგია გვჭირდებოდა და გულშემატკივრებმა გაგვამხნევეს, რადგან დარწმუნდნენ, რომ ბოლომდე ვითამაშებდით. პირველი თამაში და პირველი გამარჯვება სეზონის მშვენიერი დასაწყისია. მაგრამ გუნდის დაკომპლექტება კიდევ გრძელდება და იმედი მაქვს, კიდევ უფრო გავძლიერდებით“, – განაცხადა შოთა არველაძემ.