შოთა არველაძე - ნაკრებმა ციკლი არაჩვეულებრივად დაიწყო, ამას ვარსკვლავების ჩამოსვლა რომ ემატება, დიდი ბედნიერებაა #1TVSPORT
შოთა არველაძე - ნაკრებმა ციკლი არაჩვეულებრივად დაიწყო, ამას ვარსკვლავების ჩამოსვლა რომ ემატება, დიდი ბედნიერებაა #1TVSPORT

შოთა არველაძემ კომენტარი გააკეთა საქართველოს ნაკრებისა და „მილანის“ ლეგენდების მატჩზე, რომელიც „მიხეილ მესხზე“ 21 სექტემბერს, 19:00 საათზე დაიწყება.

„მთავარია, კონკრეტულ ვითარებაში ქვეყანაში რა ხდება, ნაკრებები და გუნდები როგორ თამაშობენ. საფეხბურთო ბუმს მოლოდინი ქმნის. მარტში „ინტერს“ ბათუმში რომ ვეთამაშეთ, ლუქსემბურგსა და საბერძნეთთან მატჩამდე იყო და ვნერვიულობდით, ხელს ხომ არ შევუშლიდით. საბედნიეროდ, არაჩვეულებრივი საღამო გამოვიდა, ვარსკვლავები ჩამოვიდნენ და ამას მოჰყვა ის დიდი ზეიმი, რაც საქართველოს ნაკრებმა გვაჩუქა.

ახლა პირიქით მოხდა – ნაკრებმა ციკლი არაჩვეულებრივად დაიწყო, შესანიშნავი თამაში აჩვენა და ულამაზესი გოლები გაიტანა. ამას ვარსკვლავების ჩამოსვლა და ისევ ფეხბურთით ცხოვრება ემატება, რაც დიდი ბედნიერებაა. ჩვენც ძველ დროში გვაბრუნებს და გვაახალგაზრდავებს. „მილანში“, მინიმუმ, სამი კაცი „ოქროს ბურთის“ მფლობელია.

თამაშამდე ცოტა დრო დარჩა და წონაში ყველამ უნდა დაიკლოს. ქეცბაიაა ჩვენი მწვრთნელი და დარწმუნებული ვარ, ყველას სულს ამოხდის, ვინც ცუდ ფორმაში შემოგვიერთდება. ალბათ ყველა თავისას ცდილობს, რადგან ბათუმში ბევრი ხალხი მოვიდა და არავის უნდა, ფეხი ჩაეკეცოს. ვერ ვიტყვი, რომ დავფრინავთ, რა დროს ჩვენი ფრენაა, მაგრამ ჟინი გვაქვს.

ფეხბურთს ამ ქვეყანაში ბევრი რამ შეუძლია, დაავიწყოს პრობლემები და ხალხი გააერთიანოს. ახლახან სტუმრები მყავდა და ჩვენს ისტორიას რომ ვუყვებოდი, საქართველო თავიდან მიყვარდებაო. ჩემთვის ვფიქრობდი, მართლა რა სასწაულ ქვეყანაში ვცხოვრობთ. ეს კიდევ უფრო მახარებს და მაბედნიერებს“, – ამბობს შოთა არველაძე.