შოთა არველაძე - მიხარია, რომ უკრაინის მხარდასაჭერ შეხვედრაში მიმიწვიეს #1TVSPORT
შოთა არველაძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა უკრაინის მხარდასაჭერად დაგეგმილ შეხვედრაში მიწვევას, რომელიც ლონდონში გაიმართება.
„მიხარია, რომ მაქვს შესაძლებლობა, მონაწილეობა მივიღო საფეხბურთო მატჩში, რომელიც უკრაინის ეროვნული ნაკრების კაპიტანის, ოლეკსანდრ ზინჩენკოსა და ლეგენდარული ფეხბურთელის, ანდრეი შევჩენკოს ორგანიზებით, ლონდონში გაიმართება.
მსოფლიო ფეხბურთის მოქმედ და ყოფილ ვარსკვლავებთან ერთად 5 აგვისტოს კიდევ ერთხელ ვითამაშებთ მხარდაჭერისთვის, მშვიდობისთვის, ბავშვებისთვის და მათი მომავლისთვის. უკრაინის და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა ყველა ეტაპზე, და განსაკუთრებით ახლა, ძალიან მნიშვნელოვანია.
ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მატჩში მონაწილეობას 20-ზე მეტი ქვეყნის და ეროვნული ნაკრების წარმომადგენელი მიიღებს. შევხვდებით „სტემფორდ ბრიჯზე“, – წერს შოთა არველაძე.
უკრაინის მხარდასაჭერი საქველმოქმედო მატჩი ლონდონში, „სტემფორდ ბრიჯზე“ 5 აგვისტოს შედგება – ერთმანეთს ანდრეი შევჩენკოსა და ალექსანდრ ზინჩენკოს გუნდები დაუპირსპირდებიან.
შეხვედრის ორგანიზატორია საქველმოქმედო ორგანიზაცია „ფეხბურთი უკრაინისთვის“, რომელიც „არსენალის“ ფეხბურთელმა, ალექსანდრე ზინჩენკომ და მისმა ბიზნესპარტნიორმა, არტემ რიაბოვმა დააარსეს.
საქველმოქმედო ორგანიზაციის მიზანია, თანხის მოძიება ჩერნიგოვის რეგიონში მდებარე სკოლის რეკონსტრუქციისთვის, რომელიც რუსეთთან ომის დროს რაკეტებით დაიბომბა.
ზინჩენკოს ყვითელ გუნდს „არსენალის“ ყოფილი მწვრთნელი არსენ ვენგერი უხელმძღვანელებს, რომელშიც მოხვდნენ „ბარსელონასა“ და „არსენალის“ ყოფილი ვარსკვლავები – ჟერარ პიკე და პატრიკ ვიეირა.
ლურჯ, ანუ ანდრეი შევჩენკოს გუნდს „ჩელსის“ ქალთა გუნდის მწვრთნელი ემა ჰეისი გაწვრთნის, რომელსაც შეუერთდება „ჩელსის“ ამჟამინდელი თავდამსხმელი მიხაილო მუდრიკი და ლეგენდარული მცველი ფაბიო კანავარო. სწორედ ამ გუნდში ითამაშებს შოთა არველაძეც.
ყვითელი გუნდი: ალექსანდრე ზინჩენკო (კაპიტანი), იენს ლემანი, ჯოლეონ ლესკოტი, პატრიკ ბერგერი, პერ მერტეზაკერი, რობერტ პირესი, ჯონ-არნე რიისე, რობი კინი, ანტონიო ვალენსია, პატრიკ ვიეირა, ვეს მორგანი, ჯეკ უილშირი, ევგენი ლევჩენკო, ჟერარ პიკე, ედგარ დავიდსი, ბაკარი სანია.
მწვრთნელი: არსენ ვენგერი
ლურჯი გუნდი: ანდრეი შევჩენკო (კაპიტანი), მაიკლ ესიენი, რიკარდო კარვალიო, ლუკა ტონი, დიდა, მასიმო ოდდო, ჯანფრანკო ძოლა, კარლო კუდიჩინი, კლოდ მაკელელე, უილიამ გალასი, სამუელ ეტო’ო, მიხაილ მუდრიკი, შოთა არველაძე, კლარენს ზედორფი, ფაბიო კანავარო.
მწვრთნელი: ემა ჰეისი