შოთა არველაძე - კარგი დროა, პრემიერ-მინისტრს ქუთაისში ახალი სტადიონის აშენების პირობა ჩამოვართვათ #1TVSPORT
შოთა არველაძე ერთა ლიგის მეორე ტურში ბულგარეთთან საქართველოს ნაკრების გამარჯვებას გამოეხმაურა – გუნდს და გულშემატკივრებს წარმატება მიულოცა.
„უმნიშვნელოვანესი 3 ქულა, გილოცავთ ყველას“ წინ ჯგუფის მთავარი თამაშია, წარმატებები ნაკრებს“, – წერს შოთა არველაძე ფეისბუქის საკუთარ ნაკრებს.
ამავე დროს, ეროვნული ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა აზრი, რომ ქუთაისში ახალი სტადიონია საჭირო.
„ამდენი კარგი თამაშის, გოლებისა და სიხარულის შემდეგ, ყველაზე კარგი დროა პრემიერ-მინისტრს, ქუთაისში, ახალი სტადიონის აშენების პირობა ჩამოვართვათ“, – აცხადებს ინგლისური „ჰალ სიტის“ ქართველი მწვრთნელი.
პირველად ქუთაისში ახალი სტადიონის აუცილებლობაზე შოთა არველაძემ 2021 წლის დეკემბერში, ეროვნული ლიგის პლეი ოფში ქუთაისის „ტორპედოსა“ და მარტვილის „მერანის“ დაპირისპირების შემდეგ დაწერა:
„ქუთაისის „ტორპედოს“ ვულოცავ ლიგაში ადგილის შენარჩუნებას. ბათუმის მსგავსად, ამ ქალაქსაც ახალი სტადიონი სჭირდება“,
ქუთაისელმა გულშემატკივრებმა ქუთაისის „ტორპედოსა“ და მარტვილის „მერანის“ პლეი ოფის განმეორებით მატჩში „რამაზ შენგელია არენაზე“ ნამდვილი საფეხბურთო ატმოსფერო შექმნეს. მატჩს 10-11 ათასი მაყურებელი ადევნებდა თვალს.