შოთა არველაძე - ელიტური და ჩაკეტილი სუპერლიგით ფეხბურთი მთავარ ღირებულებას დაკარგავს #1TVSPORT
შოთა არველაძემ სოციალურ ქსელში საკუთარი აზრი დააფიქსირა ევროპის სუპერლიგსი დაფუძნებაზე, რომელმაც უეფა-ს და ტოპ-გუნდებს შორის ნამდვილი ომი გამოიწვია.
„როგორც კი ფეხბურთი გახდება ელიტური და ჩაკეტავს საზღვრებს, ის დაკარგავს მის მთავარ ღირებულებას. ფეხბურთი უნდა იყოს ყველგან და ყველასთვის, გამონაკლისი წესის გარეშე. ამიტომაც, არ მომწონს იდეა, რომელსაც გვთავაზობენ და ვფიქრობ, ფეხბურთის მოყვარული ადამიანების დიდი უმრავლესობა ამას არ მიიღებს“, – წერს შოთა არველაძე.
შეგახსენებთ, რომ ტოპ-კლუბებმა ევროპის სუპერლიგა დააფუძნეს. საპასუხოდ, დღეს შვეიცარიის ქალაქ მონტროში გამართულ უეფა-ს კონგრესზე (რომელშიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და გენერალური მდივანი დავით მუჯირი მოანწილეობდნენ) ორგანიზაციის წევრმა 55 ქვეყნის ფედერაციის წარმომადგენლებმა სპეციალური განცხადება შეიმუშავეს და დაგმეს ევროპული სუპერლიგის იდეა, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით განხილვის მთავარი თემაა.
უეფა-ს წევრი ასოციაციების ხელმძღვანელები მიიჩნევენ, რომ ე.წ. „ევროპული სუპერლიგა“ პირდაპირ ეწინააღმდეგება ერთიანი, ღია და სპორტული ღირებულებების პრინციპზე აგებული ევროპული იდეის კონცეფციას.