უეფა-ს კონგრესზე სუპერლიგის იდეა დაგმეს - ორგანზიაციას მხარდაჭერას საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტიც უცხადებს #1TVSPORT
უეფა-ს კონგრესზე სუპერლიგის იდეა დაგმეს - ორგანზიაციას მხარდაჭერას საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტიც უცხადებს #1TVSPORT

უეფა-ს 45-ე კონგრესზე, რომელიც შვეიცარიის ქალაქ მონტროში გაიმართა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და გენერალური მდივანი დავით მუჯირი ესწრებოდნენ, ორგანიზაციის წევრი ფედერაციის ხელმძღვანელებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე იმსჯელეს.

კონგრესის მიმდინარეობისას უეფა-ს კომიტეტების საქმიანობა შეჯამდა. მათ შორის, ფეხბურთის კომიტეტის, რომლის თავმჯდომარე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილია.

უეფა-ს კონგრესის ფარგლებში ორგანიზაციის წევრმა 55 ქვეყნის ფედერაციის წარმომადგენლებმა სპეციალური განცხადება შეიმუშავეს, რომლითაც დაგმეს ევროპული სუპერლიგის იდეა, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით განხილვის მთავარი თემაა.

უეფა-ს კონგრესს ფიფა-ს პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ტომას ბახიც ესწრებოდნენ. ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს უეფა-ს და მის წევრ ყველა ფედერაციას, აგრეთვე გულშემატკივრებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

უეფა-ს 45-ე კონგრესზე ეროვნულმა ფედერაციებმა საერთო განცხადება შეიმუშავეს:

„უეფა-ს ყველა წევრი ასოციაცია და 45-ე რიგითი კონგრესის მონაწილეები გმობენ ე.წ. „ევროპული სუპერლიგის“ გამოცხადებას. დახურული „სუპერლიგა“ პირდაპირ ეწინააღმდეგება ერთიანი, ღია და სპორტული ღირებულებების პრინციპზე აგებული ევროპული იდეის კონცეფციას. უეფა და მისი წევრი ასოციაციები მხარს უჭერენ ნამდვილ ევროპულ მოდელს, რომელიც დაფუძნებულია ღია კონკურენციაზე, სოლიდარობასა და რესურსების გადანაწილებაზე, რათა უზრუნველყოს ფეხბურთის მდგრადობა და განვითარება ყველას საკეთილდღეოდ, ასევე ევროპული ღირებულებების პოპულარიზაცია და სოციალური შედეგების მიღწევა.

აღნიშნული შეთქმულების მონაწილე კლუბები აშკარად ვერ აცნობიერებენ, რომ მათი დღევანდელი სტატუსი არა დამოუკიდებლად იქნა მიღწეული, არამედ წარმოადგენს დინამიური ევროპული სისტემის ნაწილს, სადაც დიდი, საშუალო და მცირე კლუბები კოლექტიურად განაპირობებენ ყველა გუნდის წარმატებასა თუ წარუმატებლობას.

მათ მიერ „განცალკევების“ მოთხოვნა და კოლექტიურად შექმნილი მემკვიდრეობის მითვისების მცდელობა წარმოადგენს ევროპული ღირებულებებისა და სპორტული პრინციპების შელახვას. უეფა, მისი წევრი ასოციაციები და ყველა, ვისაც უყვარს ფეხბურთი, მტკიცედ შეეწინააღმდეგებიან აღნიშნული კლუბების მფლობელებისა და მათი მხარდამჭერების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს. ჩვენ ვაცნობიერებთ ამ საკითხის მორალურ მნიშვნელობას და მზად ვართ, დავიცვათ ფეხბურთი ეგოისტური ჯგუფისგან, რომელიც არანაირად არ ზრუნავს სპორტის განვითარებაზე. ჩვენ ვართ ევროპული ფეხბურთი, არა ისინი“, – ნათქვამია განცხადებაში.

დღესვე უეფა-ს კონგრესის ფარგლებში ორგანიზაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრები ოთხი წლის ვადით აირჩიეს. აგრეთვე იმსჯელეს გასული და მომავალი საფეხბურთო სეზონის ფინანსურ საკითხებზე. აქვე ცნობილი გახდა, რომ უეფა-ს 46-ე კონგრესი, 2022 წლის 11 მაისს ავსტრიის ქალაქ ვენაში გაიმართება.