შოთა არველაძე დილემის წინაშეა - „ჰალ სიტის“ მოთამაშეები ტრავმირებულები არიან, თავისუფალი აგენტების მოყვანა კი სარისკოა #1TVSPORT
შოთა არველაძე დილემის წინაშეა - „ჰალ სიტის“ მოთამაშეები ტრავმირებულები არიან, თავისუფალი აგენტების მოყვანა კი სარისკოა #1TVSPORT

ჰალ სიტის“ მწვრთნელი შოთა არველაძე უარს არ ამბობს სეზონის მსვლელობისას თავისუფალი აგენტების დამატებაზე, თუმცა ასეთი ნაბიჯების რისკებსაც ხედავს. გუნდის მფლობელის, აკუნ ილიჯალის მოსვლის შემდეგ, ძალიან დატვირთული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა ჰქონდათ, რადგან გუნდის შემადგენლობის შესაცვლელად მან დიდი ფული ჩადო.

თუმცა, მრავალი ფეხბურთელი დაშავდა და არველაძეს დიდი საკადრო არჩევანი არ გააჩნია, უახლოეს კვირებსა და თვეებში დატვირთულ სათამაშო გრაფიკს რომ გაუძლოს. ამიტომ, „ჰალ ლაივი“ დაინტერესდა, აპირებს თუ არა არველაძე რომელიმე თავისუფალი აგენტის დამატებას მოთამაშეთა რაოდენობის გაზრდის მიზნით.

„დიახ, ეს კარგი იქნებოდა. მაგრამ ორი თამაშის შემდეგ ისინიც რომ დაშავდნენ? ზოგიერთი მათგანი თავისუფალი იყო მთელი ზაფხული. სეზონი 7 მაისს დასრულდა და გამოდის, ოთხი თვე ისვენებდნენ – მაისი, ივნისი, ივლისი და აგვისტო. თუ მოთამაშე ოთხი თვე ფეხბურთის გარეშეა ის ტონუსიდან ვარდება და არც ვიცი, ასეთებიდან ვინ შეიძლება დავიმატოთ, გუნდს რომ გამოადგეს.

არც ის ვიცი, კლუბმა ასე ადვილად ვინ შეიძლება მოძებნოს. შეგიძლიათ მითხრათ – „რას ელოდები შოთა, მოიყვანე მოთამაშე, რომელსაც ოთხი თვე არ უთამაშია ან გუნდთან ერთად არ ვარჯიშობდა“, – დიახ, ეს შეიძლება მოხდეს და არაა გამორიცხული, ასეთი ფეხბურთელი გამოგვადგეს. მაგრამ თქვენ შეგიძლიათ გყავდეთ ერთი, შეიძლება ორი ასეთი მოთამაშე და რომ არ ივარგოს, საკუთარ თავსაც რთულ მდგომარეობაში ჩააყენებთ და მოთამაშესაც“, – განაცხადა „ჰალ ლაივთან“ საუბარში არველაძემ ახალი მოთამაშეების დამატებების შესაძლებლობაზე.