შიო მესამე ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრატორს, ეპისკოპოს ჯუზეპე პაზოტოსა და კათოლიკე სასულიერო პირებს შეხვდა

00:18, 03.07.2026

საქართველოს საპატრიარქოში უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო მესამე ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრატორს, ეპისკოპოს ჯუზეპე პაზოტოსა და მის თანმხლებ კათოლიკე სასულიერო პირებს შეხვდა.

შეხვედრას ესწრებოდნენ: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

საპატრიარქოს ინფორმაციით, ეპისკოპოსმა ჯუზეპემ მის უწმინდესობასა და უნეტარესობას მიულოცა კათოლიკოს-პატრიარქად აღსაყდრება და გამოხატა ორ ეკლესიას შორის მეგობრული ურთიერთობის განმტკიცების მზაობა.

„კათოლიკოს-პატრიარქმა სტუმრებს მადლობა გადაუხადა მილოცვისთვის და გაიხსენა ეპისკოპოს ჯუზეპე პაზოტოს თბილი დამოკიდებულება ნეტარხსენებულ კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორისადმი.

შეხვედრაზე ისაუბრეს ზნეობრივი ღირებულებებისა და ოჯახის პატივისცემის თაობაზე, ასევე ბიოეთიკის პრობლემებსა და თანამედროვე გამოწვევებზე, მშვიდობისა და მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელოვაზე.

მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ ხაზი გაუსვა საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავს, რომელიც წელს აღინიშნება“, – აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

მსგავსი