შინაური ბინადარი ცხოველის წამებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა წესდება
შინაური ბინადარი ცხოველის წამებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა წესდება

შინაური ბინადარი ცხოველის წამებასა და სასტიკ მოპყრობაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა წესდება.

შესაბამისი ცვლილებები საკანონმდებლო პაკეტის სახით საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა მოამზადეს. საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, საკანონმდებლო პაკეტის ინიცირება 13 მაისის ბიუროს სხდომაზე მოხდება.

„სისხლის სამართლის კოდექსში“ მომზადებული ცვლილებებით, ცხოველის წამება, სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია ისჯება საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ვადით 100-დან 240 საათამდე, შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე, ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. იმ შემთხვევაში, თუ იგივე ქმედება ჩადენილი იქნება ჯგუფურად; არაერთგზის; მცირეწლოვნის თანდასწრებით, დაისჯება საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ვადით 200-დან 400 საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ერთი წლიდან ორ წლამდე, ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

ამასთან, კანონპროექტით, შინაური ბინადარი ცხოველის გამოყენება სამეცნიერო ექსპერიმენტისთვის და მათზე ლაბორატორიული ცდების ჩატარება ან ქირურგიული ოპერაციის ჩატარება ვეტერინარის დანიშნულების გარეშე დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

ასევე, ინიციატივით კონკრეტდება, რომ შინაური ბინადარი ცხოველის გაუმართლებელი მოკვლა დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ორ წლამდე. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ქმედება ჩადენილი ჯგუფურად; არაერთგზის; მცირეწლოვნის თანდასწრებით, დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

ამას გარდა, ცვლილებებით, ცხოველთა გაწვრთნა ორთაბრძოლებში მონაწილეობის მისაღებად, ასევე ცხოველთა ორთაბრძოლის ვიდეო და ფოტო გამოსახულებების გადაღება და გავრცელება ან მათი შენახვა, შემდგომში მათი გავრცელების მიზნით დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

კანონპროექტით განისაზღვრება, რომ პირის მიერ ცხოველთა ორთაბრძოლაზე დაშვების მიზნით ფულის აღება, ასევე, პირის მიერ თავის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობის გამოყენება ორთაბრძოლების მოსაწყობად ან სხვისთვის ასეთის ნების დართვა დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

ასევე, პროექტით, ცხოველთა ორთაბრძოლების ორგანიზება, ჩატარება, პროპაგანდა, ასევე ინფორმაციის გავრცელება ცხოველთა ორთაბრძოლების გამართვის შესახებ დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან სამ წლამდე.

კანონპროექტის ინიციატორები დეპუტატები კახაბერ კუჭავა, ზაზა ხუციშვილი, ოთარ დანელია, ენძელა მაჭავარიანი, გიორგი გაჩეჩილაძე, კობა ლურსმანაშვილი, სულხან მახათაძე, გოგი მეშველიანი, ლევან კობერიძე და გიორგი ხატიძე არიან.

დატოვე კომენტარი