შინაგან საქმეთა სამინისტრომ თაღლითობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 1984 წელს დაბადებული ვ.ბ. თაღლითობის მცდელობის ფაქტზე დააკავეს. შსს-ს ცნობით, დანაშაული 4-დან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, 1969 წელს დაბადებულ კ.ლ.-სთვის, ევროპის ერთ-ერთი ქვეყნის ID ბარათის დამზადების სანაცვლოდ მოტყუებით დაეუფლა 300 აშშ დოლარს.

კერძოდ, შეხვედრაზე ვ.ბ.-მ კ.ლ.-ს შესთავაზა ევროპის ნებისმიერი ქვეყნის ID ბარათის დამზადება, რომლის მეშვეობითაც იგი სასურველ ქვეყანაში უპრობლემოდ ცხოვრებას შეძლებდა, ასევე განუმარტა, რომ ID ბარათის ღირებულება იყო 5680 აშშ დოლარი და შეეძლო ამ თანხის ეტაპობრივად გადახდა. ვ.ბ.-მ კ.ლ-ს 300 აშშ დოლარი წინასწარ მოტყუებით გამოართვა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ვ.ბ თბილისში დააკავეს. დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია სხვადასხვა მოქალაქეების პირადობის მოწმობები და სხვა დოკუმენტები“, – აცხადებენ შსს-ში.

უწყების ცნობით, თაღლითობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დატოვე კომენტარი