შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი სახოკია სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფება
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი სახოკია, დელეგაციასთან ერთად, სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანში ჩავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, მინისტრის მოადგილემ აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრთან, ვილაიათ ეივაზოვთან შეხვედრა გამართა.
„მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის სამართალდაცვით სფეროში არსებული პარტნიორობა და მისი გაღრმავების პერსპექტივები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მიმდინარე წლის 21 ნოემბერს, საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის გაფორმებული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების მნიშვნელობაზე, რომელსაც ხელი ორი ქვეყნის მინისტრებმა მოაწერეს.
საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და აზერბაიჯანის სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლობასა და პოლიციის ატაშეების ინსტიტუტის გაძლიერებას, ასევე განიხილეს ორი ქვეყნის საპოლიციო საგანმანათლებლო უწყებებს შორის თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები. ისაუბრეს საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მნიშვნელობაზე და საპოლიციო აკადემიებს შორის ერთობლივი სწავლებებისა და კურსების ორგანიზების საკითხებზე. შეხვედრის დასასრულს, გიორგი სახოკიამ ვილაიათ ეივაზოვს მადლობა გადაუხადა მასპინძლობისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.
ვიზიტის ფარგლებში, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსთან, თეიმურაზ მღებრიშვილთან ერთად, მონაწილეობა მიიღო აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს დაარსებიდან 20 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში. გიორგი სახოკია ეწვია აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს აკადემიას, ადგილზე გაეცნო აკადემიის ინფრასტრუქტურასა და საგანმანათლებლო პროგრამებს, ასევე მონაწილეობა მიიღო საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილ საზეიმო აღლუმში.
გარდა ამისა, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ეწვია „საპატიო ხეივანსა“ და „მოწამეთა ხეივანს“, სადაც პატივი მიაგო აზერბაიჯანის რესპუბლიკის მესამე პრეზიდენტის, ჰეიდარ ალიევისა და აზერბაიჯანელი გმირების ხსოვნას“, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.