შიიტური დაჯგუფება „ქატაიბ ჰეზბოლა“ ერაყის უსაფრთხოების ძალებს აფრთხილებს
შიიტური დაჯგუფება „ქატაიბ ჰეზბოლა“ ერაყის უსაფრთხოების ძალებს აფრთხილებს. როგორც ტელეკომპანია „ალ-მაიადინი“ იუწყება, შიიტური დაჯგუფების წევრები მოუწოდებენ ერაყის ძალოვანი უწყებების თანამშრომლებს, ხუთი იანვრის საღამოდან მოცილდნენ ერაყში მდებარე ამერიკულ ბაზებს.
„უსაფრთხოების ძალები ამერიკულ ბაზებს მინიმუმ ერთი კილომეტრით უნდა მოშორდნენ“ – ნათქვამია სამხედრო დაჯგუფების განცხადებაში, რომელსაც მედია ავრცელებს.
მანამდე ერაყში გაიმართა სამგლოვიარო ღონისძიება, რა დროსაც ერაყელები აშშ-ის მიერ ლიკვიდირებულ ირანელ გენერალს, ყასემ სოლეიმანის გამოემშვიდობნენ. ერაყის პრემიერ-მინისტრმა ყასემ სოლეიმანის სიკვდილის გამო სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.
აღსანიშნავია, რომ სამგლოვიარო მსვლელობის მიმდინარეობის დროს ერაყის დედაქალაქში მდებარე ე.წ. მწვანე ზონასა და ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზე, სადაც ამერიკელი სამხედროებიც იმყოფებიან, რაკეტები ჩამოვარდა. შედეგად, არავინ დაშავებულა.