შეყვარებულის მკვლელობისთვის გასამართლებული პარალიმპიელი ოსკარ პისტორიუსი თავისუფალია #1TVSPORT
სამხრეთაფრიკელი პარალიმპიური ჩემპიონი ოსკარ პისტორიუსი ვადაზე ადრე გამოვიდა ციხიდან, სადაც თავისი შეყვარებულის მკვლელობის გამო იმყოფებოდა, – იტყობინება BBC.
2013 წლის თებერვალში პისტორიუსმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ოთხჯერ ესროლა 29 წლის რივა სტენკამპს. პარამძლეოსნის შეყვარებული იურისტი და ცნობილი ფოტომოდელი იყო.
სასამართლოში პარალიმპიელმა აღიარა, რომ გოგონა მძარცველად მიიღო. სამხრეთ აფრიკაში ხშირია სახლებში შეღწევისა და ძარცვის შემთხვევები, ამიტომაც სასამართლომ დაუჯერა პისტორიუსს და მას 5.5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა არაგანზრახ მკვლელობის გამო. მაგრამ 2015 წელს პროკურატურამ აპელაცია შეიტანა და უმაღლესმა სასამართლომ გადაწყვიტა ისევ განეხილა ეს საქმე.
მორიგი განხილვის შემდეგ გაირკვა, რომ პისტორიუსმა რამდენჯერმე შეცვალა ჩვენება და ცეცხლი გახსნა იმ დროს, როცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა. ბოლოს და ბოლოს, ის მკვლელობისთვის გაასამართლეს.
სამხრეთაფრიკული კანონების თანახმად, ყველა დამნაშავეს აქვს უფლება ვადაზე ადრე პირობით განთავისუფლებაზე მას შემდეგ, რაც პატიმრობის ვადის ნახევარი გაივლის. ასე რომ, ციხეში გატარებული 11 წლის შემდეგ, ოსკარ პისტორიუსი გაანთავისუფლეს. მას არ შეუძლია პრესასთან ურთიერთობა 2029 წლამდე, სანამ მისი სასჯელის ვადა ბოლომდე არ ამოიწურება. იტყობინებიან, რომ ის იცხოვრებს სამხრეთ აფრიკის დედაქალაქის ელიტურ გარეუბანში თავისი ბიძის სახლში.