მერაბ დვალიშვილი - მჯერა ჩემი ძალების და ვფიქრობ, რომ შევძლებ დოდსონის დამარცხებას
გუშინ გაირკვა, რომ მერაბ დვალიშვილს აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში (UFC) მომდევნო შეხვედრა ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის მე-12 ნომერ ჯონ დოდსონთან ექნება. დაპირისპირება 15 აგვისტოს გაიმართება. საქართველოს პირველი არხი ქართველ სპორტსმენს დაუკავშირდა და მოახლოებულ ბრძოლასთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვა დაუსვა.
მომდევნო მეტოქე გამოცდილი ჯონ დოდსონია, რომელიც ქვემსუბუქ წონით დივიზიონში (bantamweight) მე-12 პოზიციაზეა. როგორ შეაფასებდი მას?
ძალიან ძლიერი და უხერხული მეტოქეა. მას UFC-ში დიდი გამოცდილება აქვს და ყველასთვის არასასურველ მოწინააღმდეგედ ითვლება, მაგრამ მე, როგორც ყოველთვის, მჯერა ჩემი ძალების და ვფიქრობ, რომ გამძლეობის და სხვა კომპონენტების ხარჯზე შევძლებ მის დამარცხებას. ზედიზედ მეხუთე გამარჯვება ჩემი კარიერისთვის წინ გადადგმული დიდი ნაბიჯი იქნება. ყველაფერი უნდა გავაკეთო და გავიმარჯვო.
რის ხარჯზე აპირებ უპირატესობის მოპოვებას და გამარჯვებას?
ვაპირებ რომ თავიდანვე, პირველივე წამიდან აქტიურად შევუტიო და თავს მოვახვიო ჩემი იერიშები. მწვრთნელებთან ერთად ყველა დეტალს გავივლი და ბრძოლას მომზადებული გეგმით შევხვდები.
ბრძოლისთვის ნიუ იორკში მოემზადები და ძალიან გამორჩეულ „ქარდზე“ გიწევს ასპარეზობა. რამდენად სასიხარულო იყო შენთვის ეს ინფორმაცია?
სამწუხაროდ, კორონავირუსის გამო ჯერჯერობით ნიუ იორკში დარბაზები დაკეტილია, თუმცა მე მაქვს შესაძლებლობა, რომ კვირაში რამდენიმე დღე ჩემს სპარინგ პარტნიორებთან ერთად დარბაზში მივიდე და ვივარჯიშო. რაც შეეხება ქარდს, მართლაც რომ ძალიან კარგი შემადგენლობაა და მიხარია, რომ ამ დღეს ვიბრძოლებ.
დოდსონის დამარცხების შემთხვევაში ზედიზედ მეხუთე გამარჯვებას მოიპოვებ. ყველას ესმის, რომ 15 აგვისტოს წარმატების შემთხვევაში დიდი შანსია მალე სატიტულე დაპირისპირება მიიღო. ამაზე რას იტყვი?
რა თქმა უნდა, ეს იქნება უმნიშვნელოვანესი გამარჯვება. ეს ტიტულთან უფრო მიმაახლოვებს, მაგრამ ჯერ არ ვფიქრობ მაგაზე. მთავარია ეს ბრძოლა მოვიგო და მერე ბევრი კარგი რამე მოხდება. ნაბიჯ-ნაბიჯ წავალ ქამრისკენ.