შესანიშნავი დებიუტი - დავითაშვილმა პირველი გოლით „ბორდოს“ მოაგებინა [ვიდეო] #1TVSPORT
შესანიშნავი დებიუტი - დავითაშვილმა პირველი გოლით „ბორდოს“ მოაგებინა [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების შემტევმა „ბორდოს“  ძირითად შემადგენლობაში დაიწყო თამაში და სადებიუტო შეხვედრაში ახალ გუნდს სამი ქულა მოუტანა.

საფრანგეთის ლიგა 2-ის მატჩში „ბორდომ“ „დიჟონს“ უმასპინძლა. ზურიკო დავითაშვილმა თამაშის უფლება და ქვეყანაში სამუშაო ვიზა კონტრაქტის გაფორმებიდან ორი კვირის შემდეგ მიიღო.

„ბორდო“ უკვე მე-8 წუთზე პენალტით დაწინაურდა. თუმცა, „დიჟონმა“ 71-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა და მთავარ ფრანგულ ლიგაში გადასვლისთვის მებრძოლი „ბორდო“ ქულის დაკარგვის საფრთხის წინაშე დადგა, მაგრამ გუნდის მწვრთნელის, დავიდ გიონის ვარაუდი მართალი აღმოჩნდა – დავითაშვილი სწრაფად შეეწყო გუნდს და გადამწყვეტი როლი ითამაშა.

87-ე წუთზე, როდესაც „ბორდო“ ბოლო ძალებით ცდილობდა შედეგის მიღწევას, დავითაშვილმა კი თავისი შანსით ისარგებლა. დაღლილობის მიუხედავად, ზურიკომ მოედნიდან გასვლა არ ისურვა, საჯარიმოსკენ დიდი სისწრაფით დაიძრა და ზუსტი, ძლიერი დარტყმით თავისი პირველი ფრანგული გოლი გაიტანა, ხოლო გუნდს მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუტანა – 2:1.

„ბორდომ“ მე-9 ტურის მატჩის მოგებით (2:1) 17 ქულა დააგროვა და კვლავ ლიგა 2-ის ლიდერი გახდა.