შესაძლოა, ნეიმარმა ბრაზილიის ნაკრები დატოვოს - 100 პროცენტით არ ვამბობ, რომ დავბრუნდები #1TVSPORT
შესაძლოა, ნეიმარმა ბრაზილიის ნაკრები დატოვოს - 100 პროცენტით არ ვამბობ, რომ დავბრუნდები #1TVSPORT

ბრაზილიის ნაკრების თავდამსხმელმა, ნეიმარმა ხორვატიასთან დამარცხებასა (1:1, 2:4 პენალტები) და  მსოფლიო ჩემპიონატიდან გამოვარდნაზე კომენტარი გააკეთა. თავდამსხმელმა არ გამორიცხა, რომ ეროვნული ნაკრებიდან წავა.

„ვფიქრობ, ახლა არ არის ამ თემაზე სასაუბროდ შესაფერისი დრო, რადგან ემოციებით სავსე ვარ, მაგრამ არაფრის გარანტიას არ ვიძლევი. ვნახოთ, რა იქნება შემდეგში. მინდა, ეს დრო გამოვიყენო, რომ ეროვნულ ნაკრებზე ვიფიქრო, იმაზეც, საერთოდ რა მინდა საკუთარი თავისთვის. ეროვნულ გუნდს კარებს არ ვუხურავ, მაგრამ 100 პროცენტით არ ვამბობ, რომ დავბრუნდები.

არ მჯერა, რომ ეს ყველაფერი რეალურად ხდება. დამარცხების ტკივილი ხანგრძლივი იქნება. ამიტომაა ხორვატიასთან წაგება ასე სამწუხარო. მადლობა მინდა გადავუხადო ბრაზილიელ გულშემატკივრებს ეროვნული ნაკრებისადმი გამოვლენილი მხარდაჭერისთვის, სიყვარულისა და პატივისცემისთვის. ჩვენ ოცნება ვერ ავისრულეთ, მაგრამ ეს არის ფეხბურთი. ახლა დროა, სახლში წავიდეთ და მთელი ემოციები იქ დავხარჯოთ“, – განაცხადა ნეიმარმა Globo Esporte-სთან ინტერვიუში.

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ნეიმარი 34 წლის გახდება. 2010 წლის 26 ივლისს ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში პირველად გამოიძახეს, მას შემდეგ მან ეროვნულ საფეხბურთო გუნდში 124 მატჩი ჩაატარა და 77 გოლი გაიტანა.