შერმადინის 17 ქულა, ოვერტაიმი და გამარჯვება ყოფილ კლუბთან (ვიდეო)

ესპანეთის ჩემპიონატში პირველი მატჩი გამართა გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“, რომელმაც გიორგის ყოფილ კლუბ „სარაგოსას“ უმასპინძლა.

შეხვედრა ტენერიფელთა უპირატესობით მიმდინარეობდა და გამარჯვებაც თითქოს არ უნდა გასჭირვებოდა, თუმცა სარაგოსელებმა მეოთხე პერიოდში ათქულიანი სხვაობა გააბათილეს და ბოლო წუთზე სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს – 75:74.

გადამწყვეტი უნდა ყოფილიყო შერმადინის მოქმედება, რომელმაც საფინალო სირენამდე 7 წამით ადრე ბურთი მეტოქის ფარზე მოხსნა და სარაგოსელები იძულებულები იყვნენ, დაჯარიმებულიყვნენ. შერმადინმა ორივე საჯარიმო ტყორცნა გამოიყენა და  თანაგუნდელები 77:74 დააწინაურა. მაგრამ დარჩენილ 7 წამში ბრუსინომ სამქულიანი ჩააგდო და ანგარიში გაათანაბრა – 77:77.

მატჩი ოვერტაიმში გაგრძელდა, რომელიც „ტენერიფეს“ გამთამაშებელმა მარსელინიო უერტასმა სამქულიანით გახსნა. შედეგიანი გადაცემა გიორგი შერმადინმა ჩაიწერა. კუნძულელებმა საბოლოოდ მაინც მოახერხეს გამარჯვება – 91:86.

გიორგი შერმადინმა 33 წუთში 17 ქულა, 7 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. 17 ქულა ჰქონდა უერტასს, ხოლო 23 ქულით მატჩის ბომბარდირი გიორგის თანაგუნდელი ფიტიპალდო გახდა.

„ტენერიფეს“ უახლოესი მატჩი 23 სექტემბერს ელის. ესპანეთის ჩემპიონატის მეორე ტურში ბასკეთში „ბილბაოს” დაუპირისპირდება. სხვათა შორის, სწორედ ბილბაოელები დაამარცხა პირველ ტურში ბექა ბურჯანაძის „გრან კანარიამ”.

დატოვე კომენტარი