შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმის პროექტი წარადგინა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმის პროექტი წარადგინა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა „სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2021-2030 წლების სახელმწიფო სტრატეგიის“ 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმის პროექტი წარადგინა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა გახსნა და სამოქმედო გეგმის პროექტი სახალხო დამცველთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს, ეთნიკური უმცირესობების თემებზე მომუშავე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს, ექსპერტებსა და საერთაშორისო პარტნიორებს გააცნო.

თეა ახვლედიანის განცხადებით, დოკუმენტი დარგობრივ სამინისტროებთან, ადგილობრივ თვითმმართველობებთან და სხვა სტრუქტურებთან მჭიდრო თანამშრომლობით სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის ხუთი ძირითადი პრიორიტეტული მიმართულების ფარგლებში შემუშავდა. იგი ითვალისწინებს როგორც მიღწეულ პროგრესს, ასევე ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული რეგიონების მოსახლეობის მხრიდან გამოვლენილ საჭიროებებს და ემსახურება დასახული მიზნების შესასრულებლად ხელშესახები და მდგრადი შედეგების მიღწევას.

შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლია გიგაურმა დამსწრე საზოგადოებას სამოქმედო გეგმის ფარგლებში 2023-2024 წლებში დაგეგმილი ღონისძიებები და დასახული ამოცანების გადასაჭრელად მათი მნიშვნელობა გააცნო.

განხილვა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, რომელზეც დამსწრეებმა სახელმწიფო მინისტრს სტრატეგიის პროექტთან დაკავშირებით თავიანთი მოსაზრებები გააცნეს და ყველა დასმულ შეკითხვას ამომწურავი პასუხი გაეცა. აღნიშნული ღონისძიება, რომელსაც ასევე დარგობრივი სამინისტროების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ევროკავშირის (EU) და გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) მხარდაჭერით გაიმართა.

„2023 წლიდან ჩვენ გადავდივართ სამოქალაქო თანასწორობის და ინტეგრაციის 10-წლიანი სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების მეორე ორწლიან ეტაპზე, რომლის ფარგლებშიც დასახული გვაქვს საკმაოდ ამბიციური, შემდგომი მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის უფრო ფართო შესაძლებლობების შესაქმნელად როგორც სახელმწიფო ენის ცოდნის დონის ამაღლებისა და ხარისხიან განათლებაზე წვდომის, ასევე სამოქალაქო მონაწილეობის, ეკონომიკური ინტეგრაციისა და კულტურათაშორისი დიალოგის განვითარების მიმართულებით. სახელმწიფოს ძალისხმევასთან ერთად, ჩვენ მნიშვნელოვნად მივიჩნევთ ჩვენს საქმიანობაში ფართო საზოგადოებრივ ჩართულობას. ამჯერადაც, სახელმწიფო მინისტრის აპარატმა შესაბამისს განმახორციელებელ სახელმწიფო უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობით შემუშავებული სამოქმედო გეგმის პროექტი გამოაქვეყნა საჯაროდ სახელმწიფო მინისტრის აპარატის ოფიციალურ ვებგვერდსა და სოციალურ ქსელში, რათა თითოეულ დაინტერესებულ აქტორს და პარტნიორს მისცემოდა შესაძლებლობა, გამოეხატა მასზე საკუთარი რეკომენდაციები და წინადადებები. ეს 16 თებერვლიდან არის შესაძლებელი არასამთავრობო სექტორისთვის. დღეს კი ჩვენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და პროცესში ჩართული საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, ჩვენს პარტნიორებთან ერთად განვიხილეთ 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმის პროექტი“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.