სახელმწიფო მინისტრის აპარატი - ყველაფერი კეთდება, რათა მოსწავლეებს, რომლებსაც ე.წ. გადასასვლელის ჩაკეტვის გამო განათლების ხელმისაწვდომობის პრობლემა შეექმნათ, სასწავლო პროცესში ჩართვის საშუალება ჰქონდეთ
სახელმწიფო მინისტრის აპარატი - ყველაფერი კეთდება, რათა მოსწავლეებს, რომლებსაც ე.წ. გადასასვლელის ჩაკეტვის გამო განათლების ხელმისაწვდომობის პრობლემა შეექმნათ, სასწავლო პროცესში ჩართვის საშუალება ჰქონდეთ

საოკუპაციო რეჟიმის მიერ ოკუპირებული ახალგორის ე.წ. გადასასვლელი პუნქტის ჩაკეტვის გამო, მოსწავლეებისთვის განათლების ხელმისაწვდომობის პრობლემასთან დაკავშირებით შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი განცხადებას ავრცელებს.

სახელმწიფო მინისტრის აპარატში აღნიშნავენ, რომ ყველაფერი კეთდება, რათა იმ მოსწავლეებს, რომლებიც ოკუპირებული ახალგორის სკოლებში ირიცხებოდნენ და ე.წ. გადასასვლელი პუნქტის ჩაკეტვის გამო განათლების ხელმისაწვდომობის პრობლემა შეექმნათ, ჰქონდეთ სასწავლო პროცესში ჩართვის და განათლების მიღების საშუალება საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებულ სკოლებში.

„საოკუპაციო რეჟიმის მიერ ოკუპირებული ახალგორის ე.წ. გადასასვლელი პუნქტის ჩაკეტვას მძიმე შედეგები მოაქვს მოსახლეობისთვის. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ზარალდებიან არა მხოლოდ ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი ადამიანები, განსაკუთრებით პენსიონერები, მოსწავლეები და პედაგოგები, არამედ ის ბავშვები და პედაგოგებიც, რომლებიც საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დარჩნენ. იმ მოსწავლეებს, რომლებიც ოკუპირებული ახალგორის სკოლებში ირიცხებოდნენ, იმის გამო, რომ გადასვლა ვერ მოახერხეს, განათლების ხელმისაწვდომობის პრობლემა შეექმნათ. ისინი ჩამოშორებულნი არიან სასწავლო პროცესს. ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ მათ ჰქონდეთ სასწავლო პროცესში ჩართვის და განათლების მიღების საშუალება საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებულ სკოლებში. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ეს ფაქტი არის იმ ქმედებების ნაწილი, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმი ახორციელებს, მათ შორის საგანმანათლებლო სისტემაში. ამ საკითხს, სხვა მწვავე საკითხებთან ერთად სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ჟენევის თანათავმჯდომარეებთან განიხილავს, რომლებიც მორიგი სამუშაო ვიზიტით თბილისს ხვალ, 10 თებერვალს ეწვევიან“ ,- აცხადებენ სახელმწიფო მინისტრის აპარატში.