შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი – ევროკავშირის მიერ მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ დადებითად შეფასდა
ევროკავშირის მხრიდან დადებითად შეფასდა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ.“
ამის შესახებ ნათქვამია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციაში, რომლითაც უწყება ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ევროკავშირის ანგარიშს გამოეხმაურა.
„ანგარიშში ნათლად ჩანს, რომ ევროკავშირი საქართველოს მიიჩნევს ძირითად პარტნიორად რეგიონში. დოკუმენტში ხაზგასმულია ევროკავშირის აქტიური მხარდაჭერა კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში, ასევე გამოხატულია მზაობა ხელი შუწყოს კონფლიქტების მოგვარების მცდელობებს აქტიური ფინანსური მხარდაჭერის საშუალებით სამხრეთ კავკასიისა და საქართველოს კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით.
ევროკავშირი ასევე მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში და სახელმწიფოს შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკას.
ევროკავშირის მხრიდან დადებითად არის შეფასებული საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ განხორციელება, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს მშვიდობას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის შექმნას ახალი შესაძლებლობები, მათ შორის მათი ინიციატივების მხარდასაჭერად „მშვიდობის ფონდის“ დაფუძნების საშუალებით.
იმედი გვაქვს, რომ ევროკავშირი მომავალშიც გააგრძელებს მხარდაჭერას და სამშვიდობო ინიციატივის განხორციელებაში დახმარებას გაგვიწევს. ევროკავშირის როლი უმნიშვნელოვანესია კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების პროცესში“, – აღნიშნულია სახელმწიფო აპარატის ინფორმაციაში.