„შერიფის“ ქართველი მწვრთნელი - „ტორპედოსთან“ მძიმე თამაშებს ველით
„შერიფის“ ქართველი მწვრთნელი - „ტორპედოსთან“ მძიმე თამაშებს ველით

ტირასპოლის „შერიფის“ 19-წლამდელთა გუნდის მწვრთნელი ქართველი შოთა მახარაძეა. 39 წლის სპეციალისტი დარწმუნებულია, რომ მოლდოვას ჩემპიონს ქუთაისის „ტორპედოსთან“ მძიმე ბრძოლა ელის.

შეგახსენებთ, რომ ეს გუნდები ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე დაუპირისპირდებიან.

შოთა მახარაძეს პირველმა არხმა „შერიფი“-„ტორპედოს“ წყვილის შანსებზე კომენტარი სთხოვა.

„შანსების შეფასებას მოვერიდები, მაგრამ „შერიფში“ „ტორპედოს“ მიმართ უდიდესი პატივისცემაა. ყველამ იცის, რა გუნდია, რა მდიდარი ტრადიცია გააჩნია და ისიც, რა დონის ფეხბურთელები გაუზრდია. ცხადია, პირადად კარგად ვიცი, ქუთაისელებს მრავალრიცხოვანი და შესანიშნავი გულშემატკივრები რომ ჰყავთ. გულწრფელი პატივისცემით ვარ განწყობილი გუნდის მთავარი მწვრთნელის, კახა ჩხეტიანისა და მისი სტაფის და ფეხბურთელების მიმართ. ეს ძლიერი გუნდია და საქართველოს ჩემპიონთან მძიმე თამაშებს ველით“, – ამბობს მახარაძე.

მახარაძე ტირასპოლში მეხუთე წელია, მუშაობს და მისი გაწვრთნილი „შერიფის“ 19-წლამდელთა გუნდი ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს.

საინტერესოა, რომ „შერიფის“ გენერალური დირექტორი ვაჟა თარხნიშვილია, რომელიც გუნდში 1999 წელს მიიწვიეს და მას შემდეგ, 13 წელი გუნდის კაპიტანი გახლდით და ტირასპოლელთა ფორმით ყველაზე მეტი შეხვედრა ჩაატარა – 443 მატჩი. მან 22-წლიანი კარიერა 2012 წელს დაასრულა. ორ დღეში „შერიფის“ სპორტულ დირექტორად დანიშნეს, ხოლო „შერიფის“ გენერალური დირექტორი 2014 წლიდანაა.