„შერიფის“ მწვრთნელი „საბურთალოსთან“ მატჩზე - ბევრი ახალწვეული გვყავს და ეს შეიძლება პრობლემა იყოს
ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „საბურთალოსთან” შეხვედრაზე ტირასპოლის „შერიფის” მთავარმა მწვრთნელმა, ზორან ზეკიჩმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
მოლდავას ჩემპიონის ხორვატი მთავარი მწვრთნელის თქმით, გუნდში ბევრი ახალწვეულია და შეთამაშება აკლიათ, მაგრამ მოგების იმედი გააჩნია.
„ხვალ მოედანზე გასვლა ბევრ ახალწვეულს მოუწევს და რა თქმა უნდა, ეს შეიძლება პრობლემა იყოს. მაგრამ საქმე ასე აეწყო და არ ვიტირებთ. თუ ბევრი მაყურებელი მოვა, ხომ კარგი, დანარჩენი კი, მოთამაშეებზეა დამოკიდებული“, – ამბობს ზეკიჩი.
„შერიფის” მწვრთნელმა „საბურთალოზეც“ ილაპარაკა.
„მოწინააღმდეგის ბევრი მატჩი ვნახეთ და გავაანალიზეთ. სათამაშო გეგმა დავამუშავეთ და დარწმუნებული ვარ, რომ ხვალ გუნდი მზად იქნება. მეტოქეს პატივისცემით ვეპყრობით. საქართველოს ჩემპიონი მიზნის მიღწევას ბურთის კონტროლით ცდილობს, დაცვაში კი, ძალიან კომპაქტურად თამაშობს. ეს იქნება სრულიად განსხვავებული შეხვედრა, ვიდრე მოლდოვას ჩემპიონატში ვუყურებთ“, – ამბობს „შერიფის” მწვრთნელი.