შენგელიას საბერძნეთში იწვევენ - ქართველი თავდამსხმელით „არისი“ დაინტერესდა #1TVSPORT
ლევან შენგელიას ბერძნული კლუბები დაუკავშირდნენ და სავარაუდოდ ქართველი შემტევი კარიერას „არისში“ განაგრძობს – ინფორმაციას თურქი ჟურნალისტი ოგუზ ორუჩი „ტვიტერის“ გვერდზე ავრცელებს.
„ბერძნული „არისი“ დღის განმავლობაში დაუკავშირდა ლევან შენგელიას და ტრანსფერზე სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია. სალონიკის კლუბი ჩვენი ლიგის ფეხბურთელითაა დაინტერესებული, რომელსაც „კონიასპორთან“ კონტრაქტის ვადა გაუვიდა. ლევან შენგელიას ტრანსფერი რეალურია“, – წერს ოზუგ ორუჩი.
ინფორმაციას 26 წლის ქართველი შემტევით „არისის“ დაინტერესებაზე, თურქული მედიის გარდა, ბერძნული გამოცემებიც ადასტურებენ. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ბოლო სეზონში თამაშობდა „კონიასპორში“, სადაც 33 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი მიითვალა“.
ცნობილია, რომ ლევან შენგელიას „დინამო თბილისი“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის თამაშებამდეც იწვევდა, მაგრამ საქართველოში დაბრუნებაზე ის ჯერჯერობით თავს იკავებს.