ესპანეთის „ლიგა ენდესაში“ გრძელდება ფინალური ეტაპი. გუშინ, მორიგი შეხვედრები გაიმართა. სეზონის განახლების შემდეგ პირველი მარცხი განიცადა თორნიკე შენგელიას „ბასკონიამ“. ვიტორიული გუნდი „ბარსელონას“ დაუპირისპირდა და საბოლოოდ 6 ქულის სხვაობით 75-81 წააგო.
თორნიკე შენგელია ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში დაიწყო. ქართველმა ფორვარდმა მოედანზე 31:43 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 12 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. თორნიკემ 10-დან 5 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 4 სამქულიანი კი ააცილა, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 3-ჯერ დაჯარიმდნენ.
„ბასკონია“ ორი მოგებითა და ერთი მარცხით ჯგუფში მეორე ადგილზეა და ნახევარფინალში გასვლის შანსს ინარჩუნებს. 23 ივნისს ვიტორიული გუნდი „უნიკახას“ შეხვდება, 25 ივნისს კი „ხუვენტუტთან“ ითამაშებს.