შენგელიამ „ვირტუსს“ ნახევარფინალური სერიის პირველი მატჩი მოაგებინა [ვიდეო] #1TVSPORT
იტალიის სერია A-ში პლეი ოფი მიმდინარეობს. ზედიზედ მეორედ, თორნიკე შენგელიას ჩაგდებული ბურთით ბოლონიურმა კლუბმა გამარჯვება მოიპოვა. წინა მატჩში შენგელიამ „ვირტუსი“ გადაარჩინა, როცა „ვენეციასთან“ მეოთხედფინალური სერიის მე-5, გადამწყვეტ მატჩში მოედანზე ტრავმირებული ბოლო წუთებზე გამოჩნდა და გამარჯვების ბურთი მიითვალა.
31 მაისს კი შენგელიამ ნახევარფინალური სერიის გახსნის მატჩში „ოლიმპია მილანოს“ საფინალო სირენამდე 7 წამით ადრე გამარჯვების ორიანი ჩაუგდო – 68:67.
მან მთლიანობაში 20 წუთი ითამაშა და 18 ქულა მიითვალა. ქართველმა ფორვარდმა შესაშური სიზუსტე გამოავლინა და მთლიანობაში მხოლოდ ერთი ორქულიანი ააცილა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 5-დან 4 ორქულიანი, 2-დან 2 სამიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო.
საბოლოოდ შენგელიას სარგებლიანობის კოეფიციენტმა 23 შეადგინა და ის ამ შედეგით მოედანზე მყოფთაგან საუკეთესო იყო. შესაბამისად, თოკო მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. მისი დამსახურებით „ვირტუსი“ ნახევარფინალურ სერიას 1:0-ს იგებს. მომდევნო მატჩი კვლავ ბოლონიაში, 2 ივნისს გაიმართება.