შენ ეს დაიმსახურე - ვენის „აუსტრიამ“ და ავსტრიელებმა ლოჩოშვილს ფიფა-ს ჯილდო მიულოცეს #1TVSPORT
შენ ეს დაიმსახურე - ვენის „აუსტრიამ“ და ავსტრიელებმა ლოჩოშვილს ფიფა-ს ჯილდო მიულოცეს #1TVSPORT

ვენის „აუსტრია“ და მისი ნახევარმცველი გეორგ ტეიგლი გამოეხმაურნენ ფიფა-ს გადაწყვეტილებას, რომელმაც 2022 წლის საუკეთესოთა დაჯილდოებაზე ფეარპლეის პრიზი ლუკა ლოჩოშვილს გადასცა და დამსახურებული ჯილდო მიულოცეს.

„შენ ეს დაიმსახურე, ლუკა! კიდევ ერთხელ მადლობა“, – ეს პოსტი გეორგ ტეიგლიმ გამოაქვეყნა.

„გმირები“, – წერია ვენის „აუსტრიას“ „ტვიტერზე“ გამოქვეყნებულ ფოტოზე, სადაც ლუკა ლოჩოშვილი გეორგ ტეიგლისთან ერთად დგას.

მომხდარს Sky Sport Austria გამოეხმაურა და ქართველის ღირსეულ საქციელს გაუსვა ხაზი.

„ლუკა ლოჩოშვილმა უგონო მდგომარეობაში მყოფი გეორგ ტეიგლი სიკვდილს გადაარჩინა. თამაშის შემდეგ მას მეტოქე გუნდის მოთამაშეები ჩაეხუტნენ!“ – წერია Sky Sport Austria-ს „ტვიტერის“ გვერდზე.

2022 წლის 27 თებერვალს, „ვოლფსბერგერთან“ მატჩის ბოლოს ტეიგლს თავში მეტოქის მუხლი მოხვდა და მოედანზე უგონოდ დაეცა, მაგრამ „ვოლფსბერგერის“ მაშინდელმა მოთამაშემ, ლუკა ლოჩოშვილმა (საქართველოს ნაკრების მცველი მერე იტალიურ „კრემონეზეში“ გადავიდა) სასწრაფოდ სამედიცინო პერსონალი მოიხმო, თავად კი ტეიგლის სიცოცხლე გადაარჩინა.

ტეიგლის მატჩის შემდეგ თავის ქალის მოტეხილობა და ტვინის შერყევა დაუფიქსირდა და ტრავმის გამო 2021-22 წლების სეზონი დაასრულა, მაგრამ აგვისტოში მოედანზე დაბრუნდა და ახლა თავს ჯანმრთელად გრძნობს.