შემოწმებული 114 801 ავტომობილიდან 38 095-მა ტექნიკური ინსპექტირება ვერ გაიარა
შემოწმებული 114 801 ავტომობილიდან 38 095-მა ტექნიკური ინსპექტირება ვერ გაიარა

ტექნიკური ინსპექტირების ამოქმედებიდან დღემდე, შემოწმებული 114 801 სატრანსპორტო საშუალებიდან ყოველმა მესამემ, ანუ 38 095 ავტომობილმა ტექნიკური შემოწმება ვერ გაიარა. ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს ეკონომიკის სამინისტროდან მიაწოდეს.

უწყების მონაცემებით, 3 735 ავტომობილს გზებზე მოძრაობა აეკრძალა.

„114 801 შემოწმებული სატრანსპორტო საშუალებიდან განმეორებით ტექნიკურ ინსპექტირებაზე ტესტირების ცენტრებს 30 418-მა მიმართა. დაუშვებელია გზაზე გადაადგილება 3 735 ავტომობილისთვის. რაც შეეხება 3 000 კუბურ სანტიმეტრზე ნაკლები ძრავის მოცულობის მქონე ავტომობილების სტატისტიკას, შემოწმებულია 38 243. აქედან. 9326 ხარვეზიანია. 1070 -ს კი, გზაზე გადაადგილება აეკრძალა“, – განმარტავენ ეკონომიკის სამინისტროში.

ტექნიკური შემოწმების პირველი ეტაპი 2018 წლის პირველი იანვრიდან დაიწყო. თავდაპირველად სავალდებულო ინსპექტირება მიკროავტობუსებს, ავტობუსებს და სატვირთო ავტომობილებს შეეხო. ამავე წლის პირველი ივლისიდან ინსპექტირება სავალდებულო კომპანიებისა და სახელმწიფო სტრუქტურების საკუთრებაში არსებული ავტომობილებისთვის გახდა, ოქტომბრიდან კი, მსუბუქ ავტომობილებზე გავრცელდა, რომლის ძრავის მოცულობა 3 ათასი კუბური სანტიმეტრია ან აჭარბებს. 2019 წლის იანვრიდან ტექნიკური ინსპექტირება ყველა მძღოლისთვის სავალდებულოა – იმ ავტომობილებისთვისაც, რომლის ძრავის მოცულობა 3 ათას კუბურ სანტიმეტრზე ნაკლებია.