შემოსავლების სამსახური გადასახადის გადამხდელთათვის განმარტებას აკეთებს
გადასახადის გადამხდელთა ინტერესებიდან გამომდინარე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ დეტალურ განმარტებას აკეთებს გადასახადის გადამხდელთა იმ კატეგორიისთვის რომლებიც საქმიანობენ ტურისტულ სექტორში, ასევე იმ ბიზნესსუბიექტებისთვის, რომელთაც შეჩერებული აქვთ საქმიანობა შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე.
„საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ამ პირებს შესაძლებლობა ეძლევათ, ოთხი თვის ვადით, მიმდინარე წლის პირველ ნოემბრამდე, გადაივადონ დეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებები საშემოსავლო და ქონების გადასახადის ნაწილში. საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, აღნიშნული შეღავათით სარგებლობა შესაძლებელი იქნება შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე შესაბამისი განაცხადის ელექტრონული ფორმით წარდგენით და დასტურის მიღების შემდეგ, პირს ექნება შეღავათით სარგებლობის უფლება.
მიმდინარე წლის, 16 მარტიდან შესაბამისი განცხადებით შემოსავლების სამსახურს უკვე მომართა 400-ზე მეტმა გადამხდელმა, რომელთა მიმართ დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები ამ ეტაპზე არ მიმდინარეობს. ამასთან, შეგახსენებთ, რომ შეღავათი ეხება საშემოსავლო და ქონების გადასახადის დეკლარაციებს, რომელთა წარმოდგენაც მოხდება მარტის, აპრილის, მაისის და ივნისის თვეებში. აღნიშნულ ნაწილში დეკლარირებულ დავალიანებაზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების გატარება (საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა, ქონებაზე ყადაღის დადება) არ განხორციელდება, ხოლო საშეღავათო პერიოდის დასრულებისთანავე, შესაბამის ნაწილში დარიცხული საურავი დაექვემდებარება ჩამოწერას.
ამასთან ერთად, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მზადაა, გაითვალისწინოს თითოეული მეწარმის ინტერესები და კიდევ ერთხელ მიმართავს იმ პირებს, რომელთაც შეჩერებული აქვთ საქმიანობა, საგადასახადო შეღავათის მიღებისათვის შეავსონ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებული განაცხადი. საშემოსავლო და ქონების გადასახადებში დეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებების გადახდის გადავადების მიზნით შექმნილი ელექტრონული განცხადების შესავსებად, გთხოვთ იხილოთ შემდეგი ბმულები:https://eservices.rs.ge/ServiceRequestNew.aspx?p=721 https://www.rs.ge/common/get_doc.aspx?id=10806
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე [email protected] ან ისარგებლოთ საინფორმაციო სატელეფონო ცენტრის მომსახურებით – 2 299 299“, – აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის განმარტებაში.