შემდეგი მოწვევის პარლამენტში ფრაქციების შექმნის საკითხთან დაკავშირებით დამატებითი კონსულტაციები გაიმართება
შემდეგი მოწვევის პარლამენტში ფრაქციების შექმნის საკითხთან დაკავშირებით დამატებითი კონსულტაციები გაიმართება

მეათე მოწვევის პარლამენტში ფრაქციების შექმნის საკითხთან დაკავშირებით დამატებითი კონსულტაციები გაიმართება.

რეგლამენტში მომზადებულ ახალ ცვლილებებზე დღეს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტებში იმსჯელეს და დეპუტატებმა პროექტს მხარი დაუჭირეს.

როგორც ჟურნალისტებს ცვლილებების ერთ-ერთმა ავტორმა, ირაკლი კობახიძემ განუცხადა, პროექტის მიზანია, ერთი მხრივ, რეგლამენტის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანა და მეორე მხრივ, საუბარია პარლამენტის სტრუქტურის ოპტიმიზაციაზე.

„შესაბამისად, ეს ცვლილებები უზრუნველყოფს პარლამენტის მუშაობის დახვეწას და ამოქმედდება შემდეგი მოწვევის პარლამენტისთვის. ყველა პრინციპულ საკითხზე მოხერხდება შეჯერება. მათ შორის, დამოუკიდებელ დეპუტატებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. მოსაზრება იყო იმის თაობაზე, რომ შესაძლოა, მიზანშეწონილი იყოს, რამდენიმე პარტიას ჰქონდეს ერთობლივი ფრაქციის შექმნის საშუალება და ვთქვით, რომ ამ საკითხზე ვიმსჯელებთ და პოზიციებს შევაჯერებთ. ოპოზიცია პასუხისმგებლობით არ ეკიდება იმ ფუნქციას, რომელიც პარლამენტში აქვს დაკისრებული და სწორედ ამიტომ არ დაესწრნენ დღევანდელ განხილვას. ეს კიდევ ერთხელ გამოიკვეთა, თუნდაც, ამ მოსმენის დროს. ოპოზიცია უნდა იყოს სხდომაზე, მაგრამ მათ ამისთვის პასუხისმგებლობის გრძნობა არ ყოფნით“, – განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტის რეგლამენტში ახალი ცვლილებები მომზადდა, რომლის გათვალისწინებით, იცვლება ფრაქციის შექმნის წესი, მცირდება ვიცე-სპიკერების რაოდენობა.