შეკვეთილში ერთ-ერთი მოშიმშილე დღეს შეუძლოდ გახდა
შეკვეთილში ერთ-ერთი მოშიმშილე დღეს შეუძლოდ გახდა

შეკვეთილში დღეს ერთ-ერთი მოშიმშილე ხათუნა ბერიძე შეუძლოდ გახდა.

ხათუნა ბერიძეს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა პირველადი დახმარება ადგილზე გაუწია, მოგვიანებით კი, ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა, სადაც სამედიცინო კვლევები უტარდება.

კლინიკასთან იმყოფებიან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, რომელთა ინიციატივითაც აქციები იმართება.

მოშიმშილეების მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება, მაგრამ ეს ადამიანები არ აპირებენ შიმშილობის შეწყვეტას. ხათუნას ბერიძეს შაქარი აქვს დავარდნილი, წნევა აქვს დაბალი, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. სამედიცინო დაწესებულების დატოვების შემდეგ კვლავ მოშიმშილეებს შეუერთდება“, –  განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ქობულეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე ბონდო თედორაძემ.

შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლის მიმდებარედ, კარავში რამდენიმე ადამიანი მე-11 დღეა შიმშილობს. ასევე პერიოდულად იმართება აქციები. აქციის მოთხოვნა შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომაა.