შეიქმნა უწყებათაშორისი საბჭო, რომელიც ქვეყნის განვითარების ათწლიან გეგმას შეიმუშავებს
შეიქმნა უწყებათაშორისი საბჭო, რომელიც ქვეყნის განვითარების ათწლიან გეგმას შეიმუშავებს

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ქვეყნის განვითარების და რეფორმების უწყებათაშორისი საბჭო შეიქმნა, რომელიც, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივის შესაბამისად, ქვეყნის განვითარების ათწლიან გეგმას შეიმუშავებს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ეფექტიანი რეაგირების მიზნით შექმნილ უწყებათაშორის საბჭოს საქართველოს მთავრობის მეთაური უხელმძღვანელებს.

მათივე ინფორმაციით, განვითარებისა და რეფორმების საბჭოს წევრები იქნებიან მინისტრები, დეპუტატები და სხვა ოფიციალური პირები.

განვითარების და რეფორმების საბჭო უფლებამოსილია, შექმნას სამუშაო ჯგუფები და ქვეჯგუფები, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, მიიწვიოს სხვა უწყებების წარმომადგენლები თუ შესაბამისი სფეროს სპეციალისტები, ექსპერტები და კერძო სექტორის წარმომადგენლები.

განვითარებისა და რეფორმების საბჭოს მიზანია, არაუგვიანეს 2021 წლის 31 მაისისა, საქართველოს მთავრობას წარუდგინოს ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის პირველადი დოკუმენტი. დადგენილებას, ქვეყნის განვითარების და რეფორმების უწყებათაშორისი საბჭოს შექმნის შესახებ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.