შეიძლება, გუნდში უფრო დიდი როლი ჰქონდეს - ამერიკული მედია მამუკელაშვილზე #1TVSPORT
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ჩატარებული სადებიუტო სეზონის შემდეგ, სანდრო მამუკელაშვილი საქართველოს ნაკრების მატჩებისთვის ემზადება. როგორც უმეტესობა დებიუტანტს, ქართველ მძიმე ფორვარდსაც NBA-ში მცირე სათამაშო დრო ჰქონდა, მაგრამ G ლიგაში ჩატარებული შესანიშნავი მატჩების შემდეგ, ამერიკული გამოცემა, კერძოდ კი behindthebuckpass მისი როლის ზრდას ვარაუდობს.
„ხშირად ვსაუბრობთ იმ თემაზე, რომ „მილუოკი ბაქსს“ არ ჰყავს საკმარისი აქტივი სიღრმის გასაძლიერებლად და ეს მართალია. შესაბამისად, საჭიროა, რომ დაეყრდნონ ისეთ კალათბურთელებს, რომლებსაც იაფად დაიმატებენ, გაცვლიან და აირჩევენ დრაფტის პირველი რაუნდის ბოლოს.
რაც შეეხება იმ მოთამაშეებს, რომლებიც უკვე შემადგენლობაში არიან – ბოლო ორ სეზონში „ბაქსმა“ მეორე წრის ბოლოს 4 კალათბურთელი აირჩია და 2 მათგანი შემადგენლობაშია – სანდრო მამუკელაშვილი და ჯორდან ნვორა.
ნვორას მიმართ პოზიტიურად ვარ განწყობილი და ვიმედოვნებ, რომ მომავალ სეზონში თავის შანსს კვლავ მიიღებს. მამუკელაშვილს კი შეიძლება გუნდში უფრო დიდი როლი ჰქონდეს, თუ „ბაქსი“ სიღრმისთვის სხვა მაღალს ვერ იპოვის ან იპოვის და სანდრო უკეთესი ვარიანტი იქნება.
შეუძლია თუ არა მამუკელაშვილს, რომ გახდეს „მილუოკი ბაქსის“ როტაციის წევრი მომავალ სეზონში?
არარეალურია იმაზე ფიქრი, რომ მომდევნო სეზონში მამუკელაშვილი როტაციის მუდმივი წევრი გახდება, მაგრამ შესაძლოა, მას გუნდში უფრო დიდი როლი ჰქონდეს.
სადებიუტო წელს მას იმაზე მეტი მოთხოვეს ვიდრე მამუკელაშვილი და გუნდი ელოდა – როცა ბრუკ ლოპესმა ტრავმა მიიღო და ისედაც პატარა სიღრმის მქონდე შემადგენლობას უფრო მეტი პრობლემები გაუჩნდა. მან სეზონის მეორე შეხვედრაში 27 წუთზე მეტი ითამაშა, სადაც „ბაქსი“ „მაიამისთან“ განადგურდა, მაგრამ სანდრომ იმ შეხვედრაში 12 ქულა დააგროვა, 4-დამ 2 სამქულიანი ჩააგდო და 4 მოხსნა მიითვალა.
საბოლოო ჯამში, მამუკელაშვილმა ამ სეზონში მცირე სათამაშო დრო მიიღო – მან 41 მატჩში საშუალოდ 10 წუთი ითამაშა და 3.8 ქულას აგროვებდა. 52 სამქულიანიდან 42.3% კალათში მოათავსა. ეს არ არის ისეთი მოთამაშის ციფრები, რომელსაც საჩემპიონო ამბიციების მქონე გუნდში დიდი როლი უნდა ჰქონდეს, მაგრამ მამუკელაშვილის საინტერესო სათამაშო უნარებს „მილუოკი“ დიდ ყურადღებას აქცევს.
სანდროს არ ჰქონია NBA-ში შანსი, რომ მისი შეტევითი უნარები გამოემჟღავნებინა, მაგრამ G ლიგაში ჩატარებულ 12 თამაშში მან გაიბრწყინა. ის საშუალოდ 20.7 ქულას 63 პროცენტიანი სროლის სიზუსტით აგროვებდა და ასევე საშუალოდ 10.9 მოხსნას, 3.2 პასს, 1 ჩაჭრასა და 1.2 დაფარებას აკეთებდა. თამაშში პერიმეტრიდან საშუალოდ 5.3-ჯერ და 38 პროცენტიანი სიზუსტით ისროდა. „ვისკონსინ ჰერდში“ მან ბევრად მეტი პოტენციალი გამოამჟღავნა.
მან დაამტკიცა, რომ სამქულიანებსაც კარგად ისვრის და მეტოქის ფარზეც შეუძლია თამაში („ჰერდში“ შეტევაში საშუალოდ 3.3 მოხსნას აგროვებდა) და ეს ორი ისეთი თვისებაა, რომლებსაც „ბაქსი“ ყურადღებას აქცევს განსაკუთრებით იმიტომ, რომ იქ იანის ანტეტოკუნმპო, კრის მილდტონი და ჯრუ ჰოლიდეი თამაშობენ.
თუ მას უნდა, რომ უფრო დიდი როლი ჰქონდეს, მაშინ „ბაქსმა“ უნდა მოიფიქროს, როგორ ათამაშონ დაცვაში. მეტოქე გუნდის ვარსკვლავები მასზე ხშირად ნადირობდნენ, რაც მოსალოდნელია, როცა დრაფტის მეორე წრის ბოლოს არჩეული ახალბედა კალათბურთელი თამაშობს. მაგრამ მამუკელაშვილი უფრო მეტ სათამაშო დროს მიიღებდა, თუ დაცვის ნაწილში მაიკ ბუდენჰოლცერი მას უფრო მიენდობოდა.
23 წლის კალათბურთელს ამის შესაძლებლობა ექნება. მაღალი მოთამაშეებიდან კონტრაქტი „ბაქსთან“ ჯერჯერობით, მხოლოდ მამუკელაშვილსა და ლოპესს აკავშირებთ, ხოლო ბობი პორტისი და სერჟ იბაკა თავისუფალი აგენტები არიან. იმ შემთხვევაშიც კი, თუ პორტისი კლუბთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს და დაბალი ღირებულების თავისუფალ აგენტს დაიმატებენ, მამუკელაშვილს ნვორას მსგავსად შანსი მიეცემა, რომ უფრო მეტი სათამაშო დრო გამოიმუშაოს.
ნვორამ შანსი სეზონის ადრეულ ეტაპზე ვერ გამოიყენა, მაგრამ დროთა განმავლობაში პროგრესირებდა. მამუკელაშვილსაც ექნება წინაღობები, მაგრამ ის პერსპექტიული მოთამაშეა, რომელსაც განვითარება შეუძლია.“