შეერთებულმა შტატებმა, დანიამ და გრენლანდიამ არქტიკული კუნძულის უსაფრთხოების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიქსენი და გრენლანდიის პრემიერ-მინისტრი იენს-ფრედერიკ ნილსენი მათ მიერ ხელმოწერილი უსაფრთხოების პაქტის დემონსტრირებას ახდენენ. ნიუ-იორკი, 2026 წლის 22 სექტემბერი
22 სექტემბერს, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის მიმდინარეობისას, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, დანიის პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიქსენთან და გრენლანდიის მთავრობის ხელმძღვანელ იენს-ფრედერიკ ნილსენთან ერთად, არქტიკული კუნძულის უსაფრთხოების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი.
დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონიალის ტრანსლირებას თეთრი სახლის პრესსამსახური ახორციელებდა.
უსაფრთხოების შესახებ შეთანხმება გრენლანდიაში დამატებითი თავდაცვითი ობიექტების მშენებლობას ითვალისწინებს. მათ სავარაუდო ადგილმდებარეობებად დასახელებულია მესტერსვიგი, რომელიც კუნძულის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს, და სამხრეთ ნაწილში მდებარე ნარსარსუაკი.
ამერიკული ბაზების გრენლანდიაში განთავსების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას დანიის მთავრობა ვაშინგტონთან კონსულტაციის შემდეგ მიიღებს, ხოლო კონკრეტული პირობები და ტექნიკური დეტალები შემდგომი მოლაპარაკებების პროცესში განისაზღვრება.
შეთანხმება ძალაში დარჩება იმ შემთხვევაშიც, თუ გრენლანდია დამოუკიდებლობას მოიპოვებს. ამჟამად კუნძული დანიის ავტონომიურ რეგიონს წარმოადგენს.
იენს-ფრედერიკ ნილსენის, მეტე ფრედერიქსენისა და დონალდ ტრამპის კომენტარები
გრენლანდიის პრემიერ-მინისტრ იენს-ფრედერიკ ნილსენის თქმით, ახალი დოკუმენტი მხარეებს შორის 1951 წელს გაფორმებული შეთანხმების ჩარჩოებს აფართოებს.
„ამ შეთანხმებამ წერტილი უნდა დაუსვას ყველა სპეკულაციას იმის შესახებ, თუ რომელ მხარეს დგას გრენლანდია. ჩვენ კვლავ დარჩებით აშშ-ის მეგობრად და დასავლური ალიანსის ნაწილად“, – განაცხადა მან.
დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიქსენმა კი ხაზი გაუსვა იმას, რომ აშშ და დანია „მრავალი წელია, მოკავშირეები არიან“. ამასთან, მან მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებულ შტატებს თავისუფალი სამყაროს და, კერძოდ, გრენლანდიის დაცვისთვის.
„ვამაყობ, რომ შემიძლია ვთქვა: ამერიკის შეერთებული შტატები დანიის სამეფოს მეგობარია. ეს არის უფრო მასშტაბური და უკეთესი შეთანხმება, 1951 წლის დოკუმენტთან შედარებით. ახალი შეთანხმება, შესაძლოა, სამუდამოდ გაგრძელდეს“, – განაცხადა მან.
თავის მხრივ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნილსენსა და ფრედერიქსენს, ასევე მათ მთავრობებს მადლობა გადაუხადა.
„ჩვენ გვექნება ფანტასტიკური და სანდო ურთიერთობა. ეს შესანიშნავია ევროპისთვის და აშშ-ისთვის. და ყველასთვის. ეს ასევე ფანტასტიკური იქნება გრენლანდიისთვისაც“, – დასძინა ტრამპმა.
რა არის ცნობილი გრენლანდიის ირგვლივ შექმნილი ვითარების შესახებ
2024 წლიდან მოყოლებული, ტრამპს არაერთხელ განუცხადებია, რომ გრენლანდიაზე კონტროლის დამყარება აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის „აბსოლუტური აუცილებლობაა“.
მოგვიანებით, მან, არქტიკულ კუნძულზე კონტროლის დასამყარებლად, სამხედრო ან ეკონომიკური ზეწოლის გამოყენების იდეა წამოაყენა, ასევე საჯაროდ მოითხოვა აშშ-ის მიერ გრენლანდიის „ანექსია“.
დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიქსენმა განაცხადა, რომ გრენლანდიაში აშშ-ის შეჭრა ნატოს დასასრულის მაუწყებელი იქნება, გრენლანდიის მთავრობის ხელმძღვანელმა, იენს-ფრედერიკ ნილსენმა კი შესაძლო სამხედრო ინტერვენცია კუნძულის უპატივცემულობას დაუკავშირა.
ტრამპის პოზიციას საერთაშორისო დონეზეც მწვავე რეაქცია მოჰყვა: გერმანიამ, საფრანგეთმა, გაერთიანებულმა სამეფომ, პოლონეთმა, იტალიამ, ესპანეთმა და დანიამ გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ რეგიონში უსაფრთხოება კოლექტიურად, ნატოს ფარგლებში უნდა იყოს უზრუნველყოფილი.
2026 წლის 14 იანვარს დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარს ლოკე რასმუსენმა განაცხადა, რომ დანიამ გრენლანდიის თავდაცვისთვის საჭირო შეიარაღებისთვის დამატებითი სახსრები გამოყო.
21 იანვარს, შვეიცარიის ქალაქ დავოსში გამართულ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას, ტრამპმა პირობა დადო, რომ აშშ კუნძულზე კონტროლის მოსაპოვებლად ძალას არ გამოიყენებდა. 29 იანვარს სააგენტო „ბლუმბერგმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეერთებულმა შტატებმა, დანიამ და გრენლანდიამ ახალ ჩარჩო შეთანხმებაზე დაიწყეს მოლაპარაკებები.
ანკარაში გამართული ნატოს სამიტის კულუარებში, ტრამპმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ისურვებდა, გრენლანდია ამერიკას გაეკონტროლებინა. ამასთან, მან აღიარა, რომ ასეთი ნაბიჯი ალიანსის წევრ ქვეყნებთან მის ურთიერთობებს „დააზიანებდა“. მისი განცხადებების საპასუხოდ, ფრედერიქსენმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ კუნძული არ იყიდება.
2026 წლის 18 სექტემბერს, ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონმა დანიასა და გრენლანდიასთან გააფორმა შეთანხმება, რომელიც „აშშ-ს კუნძულის უსაფრთხოებაზე მუდმივ კონტროლს ანიჭებს“.