შეერთებული შტატები პოლონეთის დასავლეთ ნაწილში მუდმივი სამხედრო ბაზის განთავსებას გეგმავს

15:09, 24.06.2026

ვარშავა ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე ამერიკული სამხედრო ყოფნის გაფართოებისკენ ისწრაფვის – სამშაბათს, 23 ივნისს, პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, აშშ-ის ახალი სამხედრო ბაზა, სავარაუდოდ, ქვეყნის დასავლეთ ნაწილში განთავსდება.

ქვეყნის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, სტანისლავ ვზიატეკმა საზოგადოებრივ მაუწყებელ „პოლონეთის რადიოსთან“ ინტერვიუში აღნიშნა, რომ სამხედრო ბაზის დისლოკაციისთვის რამდენიმე ადგილი განიხილება, თუმცა, ყველა შემთხვევაში, ეს ბაზა დასავლეთ პოლონეთში განთავსდება.

მისივე თქმით, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქი შჩეცინი, შესაძლოა, მიმზიდველი ვარიანტი იყოს გერმანიასთან სიახლოვისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, მათ შორის მძიმე სამხედრო ტექნიკის მიღების შესაძლებლობის მქონე საზღვაო პორტის გამო.

„ბაზა, არსებითად, პატარა ქალაქია,“ – აღნიშნა ვზიატეკმა და დასძინა, რომ ობიექტი, სადაც 3000-დან 5000-მდე ამერიკელი სამხედრო, მათი ოჯახის წევრები და დამხმარე პერსონალი განთავსდება, დაახლოებით 30 000-იან დასახლებას გაუტოლდება.

მისი განცხადებით, მოსამზადებელი სამუშაოები მოითხოვს არა მხოლოდ ლოჯისტიკურ ინფრასტრუქტურას, არამედ წვდომას სკოლებზე, ჯანდაცვისა და დასასვენებელ ობიექტებზე – ეს არის სფეროები, რომლებსაც ამერიკელი ოფიციალური პირები პოტენციური ადგილების შერჩევისას მნიშვნელოვნად მიიჩნევენ.

ვზიატეკის მხრიდან ეს განცხადებები მას შემდეგ გაკეთდა, რაც პოლონეთის ვიცე-პრემიერმა და თავდაცვის მინისტრმა, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ პენტაგონი დადებითად უყურებს პოლონეთის წინადადებას მის ტერიტორიაზე აშშ-ის სამხედრო ძალების მუდმივად განთავსების შესახებ. ვარშავა უკვე დიდი ხანია ესწრაფვის ამ მიზნის მიღწევას, რადგან რუსეთის მიერ მეზობელ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე საკუთარი უსაფრთხოების გაძლიერებას ცდილობს.

კოსინიაკ-კამიშმა აღნიშნა, რომ პოლონეთი მზად არის, „განახორციელოს აუცილებელი ინვესტიციები“ და გამოყოს ტერიტორია ამერიკული ბაზის მოსაწყობად. მან პროექტი დაახასიათა, როგორც „მრავალმილიარდიანი, გრძელვადიანი წამოწყება, რომელიც მთავრობას, პარლამენტსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის თანამშრომლობას საჭიროებს“.

მან აშშ-ის მუდმივ სამხედრო ყოფნას პოლონეთისთვის ხელმისაწვდომი „ყველაზე ძლიერი შეკავების ფაქტორი“ უწოდა და აღნიშნა, რომ ეს უნდა განიხილებოდეს არა როგორც ხარჯი, არამედ როგორც ინვესტიცია ეროვნულ უსაფრთხოებაში.

პოლონეთში დამატებით 5000 სამხედრო მოსამსახურის განლაგების შესახებ განცხადება გასულ თვეში აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმაც გააკეთა.

ამჟამად პოლონეთში დაახლოებით 10 000 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეა განლაგებული, რომელთა უმეტესობაც როტაციის პრინციპით მსახურობს.

პოლონეთი დიდი ხანია ცდილობს მის ტერიტორიაზე მუდმივად დისლოცირებული ამერიკული ჯარების რაოდენობის გაზრდას იმ არგუმენტით, რომ აშშ-ის სამხედრო ყოფნა რუსეთის შეკავების ფაქტორს გააძლიერებს და ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგს განამტკიცებს.

სტატიის ავტორია „პოლონეთის რადიო“. ფოტოს ავტორი: პრემისლავ ხმიელევსკი / „პოლონეთის რადიო“

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 24 ივნისი 2026, 00:30 (ცენტრალური ევროპის ზაფხულის დრო)

მსგავსი