შავი ზღვის უნივერსიტეტის ქონებას ყადაღა მოეხსნა
შავი ზღვის უნივერსიტეტის ქონებას ყადაღა მოეხსნა

სახელმწიფოსა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის საგადასახადო დავა შეწყდა.  შემოსავლების სამსახურმა სარჩელი უკან გაიხმო.

შემოსავლების სამსახურმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც შავი ზღვის უნივერსიტეტმა 735 000 ლარი გადაიხადა და ამის დამადასტურებელი დოკუმენტაციაც წარმოადგინა, შემოსავლების სამსახურმა წინა პროცესზე ითხოვა ორკვირიანი ვადა, რათა გადაეწყვიტა, გაიხმობდა თუ არა სასამართლოდან სარჩელს.

სარჩელის გახმობისა და საგადასახადო დავის შეწყვეტის შემდეგ, IBSU-ს ქონებას ყადაღა ავტომატურად მოეხსნა.

შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლის, ნინო სუხაშვილის თქმით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ დღეის მდგომარეობით, დავის გაგრძელების კანონიერი ინტერესი არ არსებობს და შესაბამისად, სარჩელის გამოთხოვის გადაწყვეტილება მიიღო.

უნივერსიტეტის რექტორის, ილიას ჩილოღლუს თქმით, IBSU ახლა ავტორიზაციის საბჭოს შეკრებას ელოდება.

„მოგეხსენებათ ერთი წლით შეგვიზღუდეს ​სტუდენტების მიღება იმის გამო, რომ ყადაღა ედო ჩვენს ქონებას. დღეს სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ყადაღა მოიხსნას. ველოდებით ავტორიზაციის საბჭოს შეკრებას, რათა სტუდენტების მიღების უფლება მოგვცეს. მათ ძველი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების არანაირი საფუძველი არ დარჩათ“, – განაცხადა ილიას ჩილოღლუმ.