შავი ზღვა: ბულგარეთის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში 5 გემზე მომხდარი თავდასხმების ქრონოლოგია
შავ ზღვაში, ბულგარეთის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში მყოფ გემებზე პირველი თავდასხმები 6 ოქტომბერს მოხდა. გემებს სახელწოდებით, „ალფა ვატანსა“ (Alpha Watan) და „ეიბლს“ (Able) დარტყმა ბიალას აღმოსავლეთით, დაახლოებით 70 საზღვაო მილის დაშორებით მიაყენეს. „ეიბლის“ ყველა მეზღვაური გადაარჩინეს, „ალფა ვატანის“ ეკიპაჟი კი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა და სამძებრო-სამაშველო ოპერაცია შეჩერებულია.
ერთი კვირის შემდეგ, 13 ოქტომბერს, დრონებით კიდევ ორ გემს: „ჩელსი 3“-ს (Chelsea-3) და „ეიჩ ეს დიგნიტის“ (HS Dignity) დაესხნენ თავს. „ჩელსი 3“-ს ბიალას აღმოსავლეთით, დაახლოებით 18 მილის დაშორებით შეუტიეს; მასზე იერიში სამმა უპილოტო საფრენმა აპარატმა მიიტანა. მეორე დაზიანებული გემი კრაპეცის აღმოსავლეთით, დაახლოებით 17 საზღვაო მილის დაშორებით ჩაიძირა. „ჩელსი-3“-ის ყველა მეზღვაური გადაარჩინეს, ხოლო „ეიჩ ეს დიგნიტის“ ბორტზე მყოფი16 მეზღვაურიდან მხოლოდ ხუთის გადარჩენა მოხერხდა. დანარჩენი 11 დაკარგულად მიიჩნევა.
ბოლო თავდასხმა ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ კონტეინერმზიდ „კონტშიპ ჯეტზე“ 28 ოქტომბერს, დაახლოებით შუადღისას მოხდა, როდესაც ის ჰაიფის (ისრაელი) პორტიდან კონსტანცისკენ (რუმინეთი) მიემართებოდა. ბულგარეთის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში, შაბლასა და კალიაკრას კონცხთან ახლოს, მას სამი საზღვაო დრონი დაესხა თავს.
მომხდარი ინციდენტების გამო, ბულგარეთის თავდაცვის სამინისტრომ და სამხედრო-საზღვაო ძალებმა მზადყოფნის დონე აამაღლეს, რადარული მონიტორინგი გააფართოეს და დაზარალებული ტერიტორიების დრონების გამოყენებით დაზვერვა დაიწყეს.