შავი ჭირის სავარაუდო აფეთქება რუსეთში: ტრამპი აცხადებს, რომ აშშ დასახმარებლად მზად არის
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი წინასაარჩევნო მიტინგზე. გრანდ-აილენდი, ნებრასკა, 2026 წლის 5 ოქტომბერი
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კომენტარი გააკეთა ირკუტსკის (რუსეთი) ოლქში შავი ჭირის სავარაუდო შემთხვევის შესახებ გავრცელებულ ცნობებზე და განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მზად არის, რუსეთის ხელისუფლებას დაეხმაროს.
აღნიშნულ თემაზე ამერიკის ლიდერმა 5 ოქტომბერს ჟურნალისტებთან ისაუბრა – იუწყება უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის კორესპონდენტი ვაშინგტონში.
აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები „ყურადღებით აკვირდება ვითარებას“.
„ვწუხვარ, რომ მათ [რუსებს – რედ.] ამის გადატანა უწევთ. ეს საშინელი დაავადებაა. იცით, ადრე ამასთან გამკლავება შეგვეძლო, თუმცა რაღაცნაირად ეს მიკრობები უფრო ძლიერები, ჭკვიანები გახდნენ და ნამდვილ არმიად იქცნენ. ის, რაც ადრე პნევმონიის დროს გვეხმარებოდა, ახლა ისე ეფექტიანად აღარ მუშაობს. როგორც არ უნდა იყოს, ჩვენ მათ დავეხმარებით. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ დავეხმაროთ ნებისმიერს, ვინც მსგავსი პრობლემის წინაშე დგას“, – განაცხადაა მან.
ტრამპმა ხაზი გაუსვა, რომ შეერთებული შტატები „ძალიან დიდი ყურადღებით ეკიდება“ რუსეთიდან შავი ჭირის გავრცელების რისკებს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომაც განუცხადა ჟურნალისტებს, რომ ვაშინგტონი თვალყურს ადევნებს რუსეთში არსებულ ვითარებას და აღნიშნა, რომ შეშფოთების მიზეზს ვერ ხედავს.
„აშშ-სა და რუსეთს შორის მიმოსვლა ძალიან შეზღუდულია. თუმცა, თუ ასეთი რამ მოხდება, რისკი გაიზრდება, რადგან დაავადება ძალიან სწრაფად ვრცელდება“, – დასძინა მან.
შავი ჭირის სავარაუდო აფეთქება რუსეთის ფედერაციაში
რუსული მედიის ცნობით, 25 სექტემბერს ირკუტსკის შავი ჭირთან ბრძოლის ინსტიტუტის 27 წლის თანამშრომელს, დარია შიპილოვას გაუტყდა სინჯარა, რომელიც შავი ჭირის გამომწვევ პათოგენს შეიცავდა. 29 სექტემბერს იგი, მძიმე პნევმონიის სიმპტომებით, საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო 2 ოქტომბრის ღამეს გარდაიცვალა.
ამის შემდეგ, ირკუტსკის რამდენიმე ობიექტზე საკარანტინო ზომები შემოიღეს, ხოლო 200-მდე პირზე, რომელთაც შიპილოვასთან ჰქონდათ კონტაქტი, სამედიცინო მეთვალყურეობა დაწესდა.
რუსეთის ხელისუფლებას ოფიციალურად არ დაუდასტურებია, რომ მისი გარდაცვალების მიზეზი შავი ჭირი გახდა. რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ადამიანის კეთილდღეობაზე ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა („როსპოტრებნადზორი“) განაცხადა, რომ შავ ჭირთან ბრძოლის ინსტიტუტის თანამშრომელს „დაუდგენელი ეტიოლოგიის პნევმონიის“ დიაგნოზი დაუსვა. უწყება ამტკიცებს, რომ დამატებითმა კვლევებმა მისი პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული მიკროორგანიზმები ვერ გამოავლინა.
შავ ჭირს იწვევს ბაქტერია Yersinia pestis-ი, რომელიც ფილტვებს აზიანებს. ერთი ადამიანისგან მეორეს დაავადება ჰაერ-წვეთოვანი გზით გადაეცემა და დროული მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მომაკვდინებელი აღმოჩნდეს. თუმცა, ადრეულ ეტაპზე გამოვლენის შემთხვევაში, დაავადება ანტიბიოტიკებით მკურნალობას ექვემდებარება.