შავდათუაშვილი პარიზის გრანდ სლემის ნახევარფინალშია - ნოზაძე მეოთხედფინალში იჭიდავებს [ვიდეო] #1TVSPORT

საფრანგეთის დედაქალაქში დღეს დაიწყო პრესტიჟული ტურნირი ძიუდოში – პარიზის გრანდ სლემი.

პირველ საშეჯიბრო დღეს მამაკაცები – 60, 66 და 73 კგ, ქალები კი 48, 52, 57 და 63 კგ წონით კატეგორიებში ასპარეზობენ.

პარიზის გრანდ სლემზე დღეს ოთხი ქართველი გამოვიდა, რომელთაგანაც მედლებისთვის ბრძოლას ორნი აგრძელებენ.

შეჯიბრზე მესამე გამარჯვება მოიპოვა და ნახევარფინალში გავიდა ლაშა შავდათუაშვილი (73კგ). ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა ყაზახი შამშაიევი დამატებით დროში ვაზარით დაამარცხა. ფინალში გასასვლელად ლაშას მეტოქე ფრანგი ან კორეელი ძიუდოისტი იქნება.

შეჯიბრის მეოთხედფინალშია თემურ ნოზაძე (60კგ), რომელმაც ფრანგი რაულ ჰერბრარდი დამატებით დროში დაამარცხა.

პარიზის გრანდ სლემზე გამომსვლელმა ორმა ძოუდოისტმა – ბაგრატ ნინიაშვილმა (66კგ) და ნაკრების დებიუტანტმა, მარიამ ციხელაშვილმა (57კგ) ტურნირი ადრეულ ეტაპზე დაასრულეს.

შარშანდელ ტურნირზე ქართველმა ძიუდოისტებმა ოთხი მედალი მოიპოვეს: ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) ჩემპიონი გახდა, ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) მეორე ადგილზე გავიდა, ხოლო ჯაბა პაპინაშვილი (60 კგ) და ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.

საფრანგეთის დედაქალაქში წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 11:00-ზე დაიწყო, ფინალური ბლოკი კი 20 საათზე გაიმართება.