შავდათუაშვილი პარიზის გრანდ სლემის მეოთხედფინალშია - ნინიაშვილი ტურნირს გამოეთიშა [ვიდეო] #1TVSPORT

საფრანგეთის დედაქალაქში დღეს დაიწყო პრესტიჟული ტურნირი ძიუდოში – პარიზის გრანდ სლემი.

პირველ საშეჯიბრო დღეს მამაკაცები – 60, 66 და 73 კგ, ქალები კი 48, 52, 57 და 63 კგ წონით კატეგორიებში ასპარეზობენ.

პარიზის გრანდ სლემზე დღეს ოთხი ქართველი გამოვიდა, რომელთაგანაც მედლებისთვის ბრძოლას ორნი აგრძელებენ.

შეჯიბრზე მეორე გამარჯვება მოიპოვა და მეოთხედფინალში გავიდა ლაშა შავდათუაშვილი (73კგ). ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა მერვედფინალში იტალელი სული დამატებით დროში გაფრთხილებებით დაამარცხა და ნახევარფინალში გასასვლელად ყაზახ ძიუდოისტთან იჭიდავებს.

66კგ-ში მოასპარეზე ბაგრატ ნინიაშვილის მეტოქე მეოთხედფინალის საგზურისთვის წონის პირველი ნომერი დენის ვიერუ იყო. ქართველი ძლიერ მოლდოველთან ვაზარით დამარცხდა და ტურნირი უმედლოდ დაასრულა.

შეჯიბრზე მეორე დაპირისპირება ჯერ არ ჩაუტარებია თემურ ნოზაძეს (60კგ). პარიზის გრანდ სლემზე იასპარეზა დებიუტანტმა მარიამ ციხელაშვილმა (57კგ), რომელიც კუბელ ოდელინ გარსიასთან დამარცხდა და ტურნირს ადრეულ ეტაპზე გამოეთიშა.

შარშანდელ ტურნირზე ქართველმა ძიუდოისტებმა ოთხი მედალი მოიპოვეს: ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) ჩემპიონი გახდა, ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) მეორე ადგილზე გავიდა, ხოლო ჯაბა პაპინაშვილი (60 კგ) და ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.

საფრანგეთის დედაქალაქში წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 11:00-ზე დაიწყო, ფინალური ბლოკი კი 20 საათზე გაიმართება.