შავ ზღვაში მეორე მსოფლიო ომისდროინდელი გერმანული წყალქვეშა ნავები აღმოაჩინეს
თურქმა საზღვაო ინჟინერმა და მყვინთავმა სელჩუკ კოლაიმ შავი ზღვის ფსკერზე მეორე მსოფლიო ომისდროინდელი გერმანული სამი წყალქვეშა ნავი აღმოაჩინა. TRT Haber-მა წყალქვეშა ნავების ძებნის შესახებ დოკუმენტური ფილმი გადაიღო.
მედიის წარმომადგენლებმა წყალქვეშა ნავებს – U-23-ს, U-19-სა და U-20-ს, რომლებიც თურქეთის სანაპიროსთან 1944 წელს ჩაძირეს და რომელთა პოვნაც ათწლეულების განმავლობაში ვერ ხერხდებოდა, „ჰიტლერის დაკარგული ფლოტი“ უწოდეს. თურქული მედიის ცნობით, ათ წელზე მეტია, სელჩუკ კოლაიმ აღმოაჩინა რუკა, რომელზეც U-23-ის მეთაურს ჰქონდა ჩანაწერი გაკეთებული და წყალქვეშა ნავების ძიებაც ამ დროიდან დაიწყო. ძიების პროცესში თურქეთის სამხედრო-საზღვაო ძალებიც ჩაერთო. წყალქვეშა ნავებს ოთხი წელი ეძებდნენ.
თურქულ მედიაში დოკუმენტური ფილმის რამდენიმე კადრი გავრცელდა. მოხერხდა U-23-ის დაფიქსირება ვიდეოფირზე, რომელიც სანაპიროდან ორ კილომეტრში, 50 მეტრის სიღრმეში არის ჩაძირული. ამ დრომდე, წყალქვეშა ნავების გადაღება ვერ ხერხდებოდა და მათ მხოლოდ მყვინთავები ათვალიერებდნენ.
მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ აღმოჩენა მნიშვნელოვანია, რამდენადაც წყალქვეშა ნავების შიგნით სავარაუდოდ ყველაფერი იდეალურადაა შემონახული.